Tuesday, November 8, 2011

გაიღვიძე მელოდი


მელოდი ისე მიდის გზებზე ვერაფერს ამჩნევს
ღიმილისა და დანარჩენი ნაცრისფერი ფიგურების
გარდა. მას არაფერი სტკივა. ის მშვიდად არის
რადგან იცის რომ ეს მაღალი ნაცრისფერი შენობები
იცავენ მას. თუ დაღლას იგრძნობს გზაში მიეყუდება
რომელიმე კედელს, თვალებს მილულავს და თავს
მყუდროდ ჩარგავს კისერში. ფანჯრებიდან დამწვარი
ხორცის სუნი მოცოცავს მისკენ, შემოეხვევა სახეზე
და გაჩერებულ ატმოსფეროს ნელა მოარღვევენ
მოჭრილი ლურჯი თითები. მელოდის სუნთქვა ეკვრის.
თითები ეცემა წვიმის გუბეში და ხმამაღალი კივილი
ისმის. არა სადმე გარეთ. მის შინაგან სივრცეში.
ღამე. რომ სიზმარს ეძახიან. და ის უსაფრთხო
დღის ღიმილები რომ მწვანე ხარხარად იქცევა ხოლმე.
თვითონ პატარავდება. მის გარშემო მხოლოდ ოთხი
უზარმააზარი ეკრანია გაწელილი. მათ ზემოთ ცა არაა.
ეკრანებზე კი ეს მწვანე ხარხარი სხვადასხვა სახეებისა.
ფორმებს რომ იცვლიან.
ხარხარის შემდეგ კი კლოუნების
გამოსვლაა. უზარმაზარი წითელთმიანი თავებითა და
თეთრი სახეებით ცეკვავენ წრეში ჩაბმულნი საკუთარი
სიმღერის რიტმში. პამ პამ პამ პარ პამ პამ. პარარამ.
გაიღვიძე მელოდი.

Saturday, October 8, 2011

უაზრო დღეც დამთავრდა.ანუ. უმოწყენილესი ვარ.



ფრთხილად მეგობარო ახალი აღმოჩენები ზოგჯერ მოულოდნელ,
ყოვლისმომცველ სასოწარკვეთილებას გვიმზადებენ. ჰორიზონტს
მიღმა სწორედ ის არის რისიც შენ გჯერა, მაგრამ დაე იყოს
იგი იქ, ნუ გადადგამ ნურცერთ ნაბიჯს შენ იმისაკენ.

არა! ჩვენ მეცამეტე გოჭები ვართ.
არა, ჩვენ გოჭებიც კი აღარ გვქვია, ჩვენ ღორები ვართ...
''ღორები ვართ და კიდევაც გვეამაყება ჩვენი ღორობა''.

ხელების ნელი მოძრაობით სივრცეში გაშლილ სინათლის სხივებს
ვეხები. რა არის სინაზე. გაყინული და დამწვარი დღეები წავიდნენ.
და აი სიმშვიდე. არა. გაცხელებული თითებით უკრავენ.შიგნიდან
თეთრი გარედან შავი კაბების ფრიალით ასრიალებენ სველ მწვანე
ბალახზე ყავისფერ ქუსლიან პატარა ფეხსაცმელს. ტაშს უკრავენ,
იცინიან.და ხარობენ. ცისფერფურცლიან ყვავილებს ირჭობენ თმაში
და ქარი მიაფრენს.
დაიღალა ბნელი ოთახი...
ვემთხვიოთ ჩანჩქერებს და მერე გავშეშდეთ და როგორც ღმერთები
ვუღიმით ერთმანეთს. არ გვეშინია ნისლის და გვიყვარს წვიმის ფერი
შეთეთრებული ჟოლო და ატმის ყვავილები.როცა ზამთარში ცივა
და ჩვენ ბუხართან გვძინავს. როცა გაწეწილ თმებში ცეცხლის ალები
კრთიან. როცა სიჩუმეს ირგვლივ ჩვენი ყვირილით ვარღვევთ და
ურცხვად შევურაცხვყოფთ ჩვენ თავმდაბლობის კანონს. როცა მაღლაა
ზეცა ჩვენ კი ღრუბლებზე გვძინავს. როცა ტირიან ირგვლივ ჩვენ
გაღიმება გვიყვარს.
ადამიანის გული  შეუჩვეველი და შეუთვისებელია ხანგრძლივ სიხარულთან.
ამიტომაც მალევე აღწევს მისგან თავს.

ფანტასტიური დღე იყო. მისთვისაც კი ფანტასტიური.

Monday, September 19, 2011

არამომხიბვლელი, არასასიამოვნო, არა წარმტაცი.





Add caption
''ყოველ დაწერილთა შორის მიყვარს იგი, რაც ადამიანს თავისი
სისხლით დაუწერია. სისხლითა სწერდე და შეიტყობდე, რომ
სისხლი სულია''.

ვიცი. გაყინული არსება ხარ. ძილი მოგრევია. ვიცი. იქით ხეტიალი
მოგწონს. დაბრუნება არ გსურს. ან სულერთია. ხიდები და ხეები.
ხეები და ხიდები. თავი ჩაგირგავს ბალიშში. სხეული გაგირინდავს.
მოჭმუჭნულ გაცრეცილ ქაღალდზე საწოლის ქვემოთ რომ დაგიდევს
სათუთად, ვინაიდან მაგიდამდე მიტანას რა აზრი ჰქონდა.
წერია შენი წარსული ფიქრიდან ამოწყვეტილი ნაგლეჯი. სიტყვები.
რას ნიშნავს ისინი განა. აზრები ხომ წამდაუწუმ იცვლებიან,
მაშინ კი როცა ფიქრობ განსაკუთრებით.

მე

მე ვკვდები. მე სიცოცხლე მკლავს. შეშლილი ნამცეცები სიყვარულისა.
მე ეგოისტი არ ვარ. არც არასოდეს ვყოფილვარ. მე არც ნარცისი ვარ.
მე მქონდა არჩევანი. ან უნდა ვყოფილიყავი ყველაფერი ან არაფერი.
არაფერს თუ ავირჩევდი მე ვიქნებოდი ვინმე ბედნიერი. მაგრამ არაფერი.
ყველაფერი ავირჩიე. ყველაფერი მე გავხდი. და პირიქით. ამის ფასი კი
ტანჯვა იყო. სამუდამო ტანჯვაო. ჰეჰეჰ. მუდმივი ხომ არაფერია.
მე ვარ ყველაფერი. მე ვარ სამყარო.
ნარცისს საკუთარი თავი უყვარს, მეც მიყვარს სამყარო. მაგრამ ნარცისს
არ შეიძლება გააჩნდეს მსგავსი გრძნობები საკუთარი თავის მიმართ,
როგორიცაა სიბრალული, თანაგრძნობა, სიძულვილი, ბოროტება, ცინიზმი.
ამიტომ არ ვარ ნარცისი.
არც ეგოისტი ვარ. ეგოისტი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.
მე ძალიან ხშირად არ ვზრუნავ სამყაროზე. და უფრო მეტიც მე მას
ხშირად ვქურდავ, ვართმევ, დავცინი, ვტოვებ.

სცენა

ჩემს ცხოვრებად შემეძლო ამერჩია სცენა. მაგრამ მე ჩემი ცხოვრება ავირჩიე
სცენად. მთელი ცხოვრება მართლაც თამაშში გავატარე. ნიჭიერ მსახიობად
ვთვლი ჩემს თავს. მაყურებელიც ბევრი მყავს. ისინი მეტად მგრძნობიარენი
არიან ჩემი თამაშის მიმართ. ალბათ იფიქრებთ რაღა ტანჯვაა როცა რაც გსურს
იმას აკეთებ, თანაც კარგადაც გამოგდის, ბედნიერი ყოფილხარო.
არა. თქვენ ცდებით. ჩემი ტანჯვის საიდუმლოც ამაშია. მე ბედნიერი იქნებოდა
რომ ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მე, მაგრამ მე ხომ ყველაფერიც ვარ.
როგორ შეიძლება ვიყო ბედნიერი როცა ჩემი გმირი სასოწარკვეთილია, როცა
იგი შეშლილია, როცა ტირის, როცა იბნევა, უბედურია, და ასე შემდეგ.
მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე მათი მეშინია. მე ისინი მტანჯავენ.
მე ხომ ყოველთვის ვიპარავ ბოლო მოქმედებას. არასოდეს ვასრულებ.
ამაოდ ითხოვენ. ამაოდ ელიან აპლოდისმენტებსა და ფარდის ჩამოშვებას.
ბოლო მოქმედებებს ჩემი უბადრუკი მესათვის ვინახავ. როცა შევასრულებ მას
ჩემი მეც მოკვდება. დარჩება მხოლოდ ყველაფერი.
დაეშვება ფარდა. იქნება ბევრი ტაში. დიდი აღფრთოვანება.
აღარ ვიქნები მე. იქნება ყველაფერი.

თქვენ მაღლით იმზირებით, ოდეს ამაღლებას ეძიებთ. მე ძირს ვიხედები
რადგან ამაღლებული ვარ.

ისევ გძინავს. და გაყინული ხარ. განა კი შეიძლება გეძინოს?

Sunday, August 14, 2011

რძის ქაფიანი ამბები და გაურკვევლობა



გამარჯობა. დრო არ ჩერდება და დღეს კიდევ გათენდა მორიგი დღე.
ადამიანებს სასიამოვნო ამბების კითხვა გიყვართ, ისეთებისა თბილი რძის
სუნი რომ ასდის და აქაფებული ცხელი წყლით სავსე აბაზანასავით მყუდროა.
ზამთარში შვების მომგვრელი იმედით სავსე რომ მიემართებით გაყინული
ქუჩებისაგან შემცივნული სხეულებით როგორც ურყევ და დაცულ
ციხესიმაგრეში,იქ სადაც სიცივე ვერ შეაღწევს ვერასდროს, გარეთ
ყველაფერიც რომ გაიყინოს.იქ ვერც სხვა ადამიანები შემოაღწევენ და თქვენ
სრულიად მარტო დარჩებით საკუთარი სიშიშვლის წინაშე. თუმცა რაღა
მაინცდამაინც ზამთარი. ასევე წარმატებით შემიძლია ზაფხულის გამთანგველი
სიცხით შეწუხებულებსა და შეხუთულებს – ცივ, სუფთა წყალში გაგრილება
შემოგთავაზოთ.
ამბებისა სადაც ლამაზი ფერები ირევიან ირგვლივ, რომლებიც სავსეა
ტკბილი და სასიამოვნო სუნებით, თავისკენ რომ გიზიდავენ და თავს
საკუთარ ნაწილად გაგრძნობინებენ ისევე როგორც ლამაზ სიზმარში.
თვალებს არ ახელთ, მაგრამ სიზმარი უკვე დამთავრდა...
სულ მალე მეხსიერებიდან მისი მსუბუქი კვალიც გაქრება როგორც ბამბის
ნაყინის სიტკბო. დარჩება მხოლოდ რეალობა. რეალობა რომელიც ხელებზე
გეწებებათ.
ბევრი ასეთი ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. აი მაგალითად ეს :
მე ტახტზე რომ ვგორაობ მრგვალ და გრძელ, ჭრელ მუთაქებთან ერთად.
პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან ლამის ჭერზე რომაა ასული მზის ათინათი
მევლება შიშველ ფეხებზე.გარეთ დედა და დეიდა ლაპარაკობენ. კედელზე
ობობა შევნიშნე. ბებია პურს აცხობს.ყველაზე გემრიელი ლავაში. პურის
სუნით ივსება ყველაფერი, რომელსაც რამდენიმე წუთში გრძელ ფიცარზე
დალაგებულს შემოიტანენ და მაგიდაზე დადებენ ტილოგადაფარებულს.
ჩემი დეიდაშვილების ყვირილი მესმის. შემოვარდებიან უცებ და მაგიდის
გარშემო დარბიან.თუმცა არა. ეს ხომ წარსულია. ვწევარ მუთაქაჩახუტებული,
გაღიმებული სახით. პურის სუნმა უკვე გადაფარა შინდების სუნი. ვწევარ და
ვფიქრობ მასზე. წარმოვიდგენ მის ღიმილს და არ შემიძლია მეც არ ვიღიმოდე.
გული უცნაური ორგანოა ღმერთმანი.
ტვინი კიდევ მთლად გადასარევი. უამრავი რამ შემიძლია წარმოვიდგინო.
ისიც კი რაც არ მომხდარა და არც არასოდეს არ მოხდება. შემიძლია
ყველაფერი უჩვეულოდ და ლამაზად დავხატო.
ენა. ენა არც ისე საინტერესო და სასარგებლოა ამ შემთხვევაში.
ვერ აღწერს გონების თვალით წარმოსახულ სურათებს.
ღიმილი. მწვანე ბალახი. მზე. ნიავი. შრიალი. წამწამები. თვალები.ხელები.
სითბო. მოუსვენარი გულისცემა.
თავი დავანებოთ. მეორე მოქმედება შემოდის.
დილაა. სამივენი ტერასაზე ვართ. მზეა. მაისია. საუზმე.
ის პატარაა, თეთრი და სათუთი, ნაზი კანი აქვს. ვარდისფერი ლოყები და
სრიალა თმა. გაფენილ ხალიჩაზე ზის და კუბიკებით თამაშობს. სერიოზული
სახით.ხანდახან დაღვრემილი შეხედავს მას. არა, ის კი არ წყინს გაზეთს რომ
კითხულობს ჩაის სმის თანხლებით და მას არ ეთამაშება. არა, უბრალოდ
შურს. მას ხომ ჯერ კითხვა არ შეუძლია.
– გაყოფა! – ეს მე ვარ ჩემი ლამაზი სარაფნით. მუსიკას ვრთავ და გაზეთს
ვტაცებ ხელიდან. წამოხტება და მართმევს ისევ. მუსიკას გამორთავს. მშვიდად
ჯდება და აგრძელებს კითხვას. ვითომც არაფერი. არ ვიმჩნევ. უკნიდან მივეპარები.
ის მზადაა თავდასხმისათვის მაგრამ მაინც ვახერხებ გაზეთის წართმევას და
დაუყოვნებლივ ვაგდებ აივნიდან. გამარჯვებას სიცილით ავღნიშნავ.
მას გაწბილებული სახე აქვს და ოდნავ გაბრაზებული.
ცოტათი გაწითლდა. ის გაკვირვებული შემოგვცქერის გაშეშებული და უცებ იწყებს
ტირილს.ორივე ვხარხარებთ.
სხვებზეც შემიძლია მოვყვე გემრიელი, თბილი ამბები.
აი მაგალითად ნამდვილად გული აგიჩუყდებათ რომ შეხედოთ და გაიზიაროთ
როგორ ათხოვებს ოდნავ ღიპიანი და ვარდისფერ ლოყება, ეკლეს ქუჩის
კუთხეში მიყუჟულ ცისფეკარიან და ვანილის სუნიან საფუნთუშეში რომ
ფუმფულა ტკბილი ქადები ცხვება მათი მოყვარული, მაგრამ უაღრესად
პატიოსანი და მთელი ცხოვრება შრომით გზაგაკვალული, ცხვირზე
მრგვალშუშებიან სათვალე წამოსკუპებული ბატონი ანტუანი თავის ერთადერთ
ქალიშვილს რებეკას. როგორ გადმოსდის მრგვალი შუშების მიღმა წვრილი
თვალებიდან ვერ შეკავებული ცრემლები, ხანგამოშვებით რომ შეიმშრალებს
ვარდისფერი აბრეშუმის ცხვირსახოცით, რომელიც ამ განსაკუთრებული
შემთხვევისათვის შეიძინა პარიზის ძვირადღირებულ მაღაზიაში ნაცრისფერ
შარვალ კოსტუმთან ერთად.


უყურებს შვილის ოქროსფერ თმას გაშტერებული, სადღაც თითქოს შორეთიდან
მისი ხმაც ესმის, გულში კი უკვე იმაზე ფიქრობს როგორ იცხოვრებს სრულიად
მარტო, მისი გვრიტის, მისი ლამაზი მტრედის გარეშე. ისაუზმებს დილაობით
მარტო. მერე სამსახურში წავა რათა პატიოსნად მოიხადოს ღირსეული ვალი
ბუღალტერისა. მიიღებს მოლოცვებს მის მიმართ მუდამ ზრდილობიანი
თანამშრომლებისა და მეზობლებისაგან, თანამგრძნობი თვალებით რომ
შესცქერიან და თვითონაც ღიმილით უპასუხებს მადლობას. ღამე ისევ მარტო
ივახშმებს და დაიძინებს. უკვე წარმოუდგენია თავისი თავი ქალიშვილის ოთახში
მარტო მჯდარი, მის თოჯინებს რომ ეფერება.

ასეა. ადამიანებს სევდიანი ამბებიც მოგწონთ.

გაურკვევლობა

აღმოვაჩინე რომ გაურკვევლობა ისეთი რამ ყოფილა რაც ბევრ რამეს შეიძლება
დავარქვა. და იგი ხანდახან არც ისეთი ცუდია, უფროსწორად ის ცუდიცაა და
კარგიც. მთლიანობაში კი გაურკვეველია ცუდი უფროა თუ კარგი.
გაურკვეველობის ბურუსშია გახვეული თითქმის ყველაფერი. გაურკვევლობა
ჩვენი გონების კრიალა ცაზე ჩამოკიდებულ ღრუბლებს ჰგავს ქარი ხან იქით
რომ გაფანტავს ხან აქეთ. სინამდვილეში კი ვერ გადაგიწყვეტია იწვიმებს თუ
არა. გცივა თუ არა. ან თუ იწვიმებს სად იწვიმებს.
გაურკვეველია სიყვარული. და მე ეს ვიცი. მართლაც გაურკვეველია იგი
ნამდვილია თუ დიდი ხნის წინ მომწიფებული სასურველი ფანტაზიის ნაყოფი,
რომელიც აღტაცებით მოვწყვიტე ხიდან. და ეს არ შეიძლებოდა. არ
შეიძლებოდა ისევე როგორც ედემის ხის ვაშლის ჭამა (ხანდახან რა კარგ და
სახალისო სიმბოლოებს წააწყდები ბიბლიაში).
გემრიელი იყო, მაგრამ გათავდა. გათავდა და მაგარი, მწარე კურკაღა შემრჩა
საღრღნელად. ახლა ცოტა გაურკვეველი გავხდი. მე არა ჩემი ფიქრები.
აზრებს ვეღარ ვალაგებ. გაურკვეველია რა ხდება, რა მოხდება. რატომ არ ხდება
ოცნებები, თუმცა ბანალურია ოცნების ახდენა. არახდენაც ბანალურია მაგრამ
ისეთ ამბებში არა.
როგორ ადვილად ქრება ყველაფერი. მოგონებები არაფრადაც არ ღირს, ისინი
ძალიან მალე ფერმკრთალდებიან და უსუნო ყვავილებად იქცევიან. რამდენიც
არ უნდა უსუნო ვერაფერს მიიღებ მისგან. ერთი და იგივე ძველი მესიჯების
კითხვაც უაზრო ხდება. ისინი უკვე გაცვდნენ. და რა. რატომ არ შეგიძლიათ
მიიღოთ და მოიწონოთ ისეთი ამბავი. სადაც არაფერი არ მთავრდება ბედნიერად
ან ტრაგედიით. ასე უბრალოდ
მთავრდება. წყდება. ქრება. და მორჩა.











Monday, August 8, 2011

ოჰ ვაღიარებ მიყვარს


დანისლული ღამეების ჩრდილში არასდროს აცეკვებული კაბების
შრიალში გახვეული დუმილის ქვეშ ვიწყებდი ტირილს, და მერე
უკვე გაისმებოდა დიდის ხნის წინ დაობებული სიცილის ხმა.
კლდემამოსილი სახეებით ქუჩებში გამომეფინეთ და მე გიყურებთ...

ოჰ ვაღიარებ მიყვარს დილა დაწყებული შენი ალერსით
ოჰ ვაღიარებ რომელიც რომ არ არსებობს, (არც) იარსებებს...

გაცხელებული ხეების რიგში
დასველებული ფოთლების ირგვლივ
თავქარიანი სიცილის გვერდით
მე ქარს გავატან კრემატირებულს ფერფლს სიყვარულისას.

ოჰ კლემენტინა კლემენტინა ყოველთვის სევდას მგვრიდა ჩაშავებული შენი თვალები.

გუშინ წიგნის საყიდლად წავედი. ძვირი ღირს წიგნები. ჰმ. კინოს სახლამდე
ავედი. აგვისტოს 5 დღე. მოდი ვუყურებ გავიფიქრე და ბილეთიც ვიყიდე.
ვუყურე მართლაც.ჩემს უკან ორი წყვილი ენას არ აჩერებდა. უაზროდ
იცინოდნენ ყველაფერზე. ფუ.ვერ ვიტან ასეთ იდიოტ ხალხს. რაღაც
მომენტებზე მეც გამეღიმა ბოროტად. თუმცა ეგეთი მდარე იუმორი არ მაქვს
ამ ფილმზე რომ მეცინა. ჰეჰ. რომ გამოვედი წვიმდა.
ნელა ჩავუყევი რუსთაველს. მაღაზიაში შევედი და ვიყიდე წიგნი.
პარფიუმერი.
თან ორ მამრობითი სქესის არსებას ვწერდი. ერთი ლუდს სვამდა, მეორე ჩაის.
მე ორივეს სიამოვნებით დავლევდი. ჰმ. ჩემს გარდა არავინ სეირნობს.
ან შეფარებულან კუთხეებში მიკუნჭულები, ან გარბიან (იშვიათები) ან რუხ
ქოლგებს მიჰყვებიან რუხი ხელებითა და სახეებით. თავისუფლების მიწისქვეშაში
ჩავედი. ძალიან დასცხო' წვიმამ და ცოტა ხნით მოცდა ვამჯობინე. აქაც იყო
საზოგადოება. ერთი ჯგუფი ფეხზე მდგომელები სვავდნენ ლუდს და რაღაც
საქმეებს ქართული სიმთვრალის სიმხიარულით არჩევდნენ. ხო ძმაო.
აბა ძმაო და თავისი მხარზე ხელის მოთათუნება, ამბავი გაგება და ჩახუტება.
სიმთვრალისაგან არეული კეთილისმყოფელი თვალებით. რამდენიმე ტიპი
ერთად ჩამომჯდარან და გიტარას აწვალებენ. კაია რომ არ მღერიან მაინც.
ორი ბიჭი იქით ზის სკამზე ორი აქეთ. მაშტერდებიან.თითქოს რამე
განსაკუთრებული დაინახეს. არ ვიცი. ერთი პატარა კაცი ''პაძემკებში''
რომ მღერის ხოლმე გიტარით სასაცილოდ ვიცანი. რატომღაც დადგა ერთ
ადგილას და დამიწყო უჩვეულოდ ყურება. თითქოს თავისი ბაღის სიყვარული
გაახსენდაო. რავიცი.მე კვლავ ვმესიჯობ. წვიმა არ ნელდება. – ვერ ახვალ ვერ
ახვალ – ირონიულად მეუბნება ვიღაც იდიოტის სიფათიანი, ნეტა რა უხარია.
ასასვლელთან ნიაღვარი იდგა. მეორე ასასვლელიდან ავედი და გავიქეცი.
რამდენიმე წუთი მივრბოდი წვიმაში. კოლმეურნეობის გაჩერებამდე.
სულ დავსველდი. თუმცა მშვენიერი იყო. უბრალოდ ძალიან დავსევდიანდი.
ამ მესიჯებით.
ეხლა კი მშვენიერი საღამოა. მე კი მარტო ვარ. მოწყენილი. თუმცა ჩემს გვერდით სარკეა
და რომ ვიხედები ძალიან საყვარელი ვინმეა.
ეს არ ვარ მარა მგავს სიტუაცია . ^^
მე მიყვარს საგნები და გარემო. ოღონდ ყველა არა. ასევე ადამიანებიც.
ხოო. იქნებ გაგახსენდეთ ვინმეს და დამაკამპანიოთ ხანდახან.

Tuesday, July 12, 2011

როცა შავი ისარი იისფერ ზონას უახლოვდება ანუ წინ ბევრი ყვითელი საღამოა


''მთავარი დარბაზის კარები იმსიმაღლე იყო და იმსისქე ჩანდა
ეჭვის თვალით შევხედე ორ ზანგ კარისკაცს გულმკერდზე ოქროსფერად
მოქარგული უცნაური ტანსაცმელი რომ შემოტმასნოდათ. მთელი დერეფანი
სიბნელეს მოეცვა, კარებთან დაკიდებული ორი უშველებელი ჩირაღდანი
სახეს რომ მინათებდნენ ყვითლად, აშკარად არ იყო საკმარისი ამ წყვდიადის
გასანათებლად.''


თველები მეტკინა წიგნი უკუღმა გადავდე დაუხურავად იატაკზე.


შავი ობობები მიცოცავენ ხეებზე, ჩემი ბუღალტერი ჩემს შავ საწერ
მაგიდასთან მოკალათებულა და გამწარებული ჩასცქერის ქაღალდებს.
- პროფესორო თხისთავავ! გაიღიმეთ ჩიტი გამოფრინდება!
მისის დიდდრუნჩა ელინიორის ფუშფუშა სამზარეულოდან შემოპარულმა
თევზის დამწვარი ქონის სუნმა აავსო ოთახში არსებული უჟანგბადო სივრცე
და ცხვირზე ხელი მატაცებინა...
ასე ხელაფარებული შეუდგა მატილდა სასწრაფოდ - მოკლე გეტრების ძებნას,
ასკინკილით ამოიცვა პატარა ფეხებზე და ეხლა სავარძელზე მიგდებულ ჯინსის
კომბინიზონს დასწვდა. ელვის სისწრაფით გაუყარა ფეხები, ხელებით ჯიბეებში
დაჭმუჭნული ქაღალდის ფული მოსინჯა და თმის ვარცხნით კარებისaკენ გაეშურა.
- დალახვროს ეშმამ, სანამ დავბრუნებულვარ მოსწყდით თავიდან აქაურობას!
წარბისაწევით მიაძახა თხისთავას და სავარცხელი ესროლა. მეტი
დამაჯერებლობისათვის რათქმაუნდა, თხის თავის გატეხვა სულაც არ ჰქონია
განზრახვაში და ამას არც დაუშვებდა.
ლურჯი მაჯის საათი შემოიტრიალა ხელზე, შავი ისარი იისფერ
ზონას მიახლოებოდა. ყვითელი საღამოების დროა...
დღეს შაბათია,
განრიგის მიხედვით მწვანე ტბასთან ჩამოჯდომის, შაქარყინულების
წოწვნის, ადამიანებსა და ამა სამყაროზე დაკვირვების, კომბინიზონის
ღილების წვალების და რა თქმა უნდა მის სიყვარულზე ფიქრის საათი.
ბალახებში ჩაჯდომის, მუხლების მოკეცვის, ხელების მუხლებზე მოხვევის,
თავის მუხლებში ჩარგვის, სახის მოღუშვის, თვალების გაშტერებისა და მერე
წამწამების ფახურის დროა. ეს ის პერიოდია როცა გული ნელ-ნელა იწყებს
შეკუმშვას - შეკუმშული იჩხვლიტება და ისევ ნელ-ნელა იწყებს გაშლას.
მატის ლოყები უწითლდება, გონებაში უკვე მერამდენედ გააცოცხლებს
მეათასჯერ გადასხვაფერებულ თავბრუსდამხვევ სურათებს ერთი ოცნებისა
და არასრულებულასრულებადი სურვილების ტკივილისაგან დახვეული
გორგალი ებჯინება ყელში.

Thursday, June 23, 2011

ეს ყველაფერი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე...



- აჰ, მეგობარო, მანდ ყოფილხარ? -
- ახლა კი მომისმინე... თუ გყვარებია შენ როდისმე ...

ჩემი სახელი N-ით იწყება, ''ენ''- ით.
მე ვფიქრობ არასდროს დავიხრჩობ თავს ოკეანეში, სამაგიეროდ
მე შემიძლია წარმოვიდგინო როგორ ეშვება მისი ფსკერისკენ ჩემი
სხეული - როგორც მოცისფრო მარმარილო ცივ უსასრულობაში.
სახე ალბათ იქნება მშვიდი, ცისფერი ხელები თეთრი კაბის ლივლივში
და წყალში გაბნეული თმა.
ღამის სიბნელე მხოლოდ ამხიარულებთ მგზავრებს, კაპიტანი ღირსეულად
ეწევა სიგარას, მთელი გემი სიცოცხლითაა სავსე. შორიდან უამრავი,
პატარა, ოთხკუთხედი ნათება.
ეს ყველაფერი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე... თუმცა არა, აშკარად
რამე მშვიდი უფრო მოუხდებოდა.

მე არ დავარქმევ ჩემს შვილს ჰამნეტს და იგი არ დაიღუპება თერთმეტი წლისა.

ეს მოთხრობა 2008 წლითაა ჩემს რვეულში დათარიღებული, არ ვიცი
რატომ დავწერე, ვფიქრობ რისი სუნი აქვს და ვერ მოვიფიქრე მაინც.

ასვენია წაბლის ხის წაბლისფერ კუბოში. კუბი ღიაა. ჩანს მისი
გაფითრებული სხეული, უსიცოცხლო სახე რომელიც ოდესღაც
ვარდისფერი იყო, ახლა კი აღარ ეტყობა სიცოცხლის ნიშანწყალი.
არც ის ღიმილი ამშვენებს მის ბაგეებს, მოკუმულ ტუჩებს, რომლებიც
რამდენიმე დღის წინ იყო წითელი, ნაზი, დაბერილი... არ ჩანს მისი
თვალები, რომლებიც დახუჭულია, თაფლისფერი დიდი თვალები,
შუაში დიდი შავი წერტილები რომ ჰქონდათ... აღარც მის თმებს აღარ
აქვს სურნელი.
მისი მოძრავი, სხარტი სხეული ახლა გაუნძრევლად დევს.
ვეღარ დადის, ვეღარ ცეკვავს, ვეღარ კისკისებს...
ვეღარც მის საყვარელ ქმარზე ზრუნავს და ვეღარც პატარა ივანზე.
ყველაფერი მდუმარეა. აღარავითარი საზრუნავი და არავითარი
ვალდებულება. სიჩუმე, სიმშვიდე, სიცარიელე.
გარშემო ირევა შავებში ჩაცმული ხალხი შეწუხებული სახეებით.
ზოგი თავს აქნევს სინანულით, ზოგს ცრემლიც კი მოსდის.
ირევიან შავებში ჩაცმული მოჩვენებები უსიცოცხლო, ბნელ ოთახში.
ფანჯრები ჩაკეტილია, ფარდები ჩამოშვებული.
მეორე ოთახი. ორი ლოგინი, ღია ფანჯრები.
პატარა, მრგვალ ხის მაგიდაზე დევს ლარნაკი, უწყლო ლარნაკი,
რომელშიც გამხმარი იასამნისფერი ყვავილები აწყვია.
პატარა ხისჩარჩოიანი სურათი. შიგნით ის არის, 18 წლისა. იღიმის, ლამაზია.
ლოგინზე ზის ახალგაზრდა კაცი, სადღაც 25 წლის. თმა ოდნავ შესჭაღარავებია
და სახე გაფითრებია. მარცხენა ხელი ოდნავ უკანკალებს და მას შესცქერის
შუშის მიღმა. გული ნელა უცემს, გონება სწრაფად მოძრაობს.
ერთი მოგონება ცვლის მეორეს, თვალწინ მიქრის წამებში მთელი ცხოვრება.
დარჩა მხოლოდ ეს წამები, წამებში დატეული მოგონებები.
შუადღის მზე ძლიერ აჭერს, აგვისტოს მზე. პატარა გოგონა კი დარბის
მინდორში, წყვეტს გვირილებს და აკეთებს გვირგვინს. თეთრი მზის ქუდი
მოხადა უცებ ჩრდილოეთიდან დაბერილმა ქარმა. ის მისდევს ქუდს და
თან კისკისებს...
დაფრინავენ მინდორში თეთრი და ცისფერი პეპლები. არ არის მათი დაჭერა
ძნელი, მაგრამ თუ დაიჭერ და გაუშვებ ხელზე თეთრი მტვერი დაგრჩება.
კარი უცებ გაიღო და ივანუშამ შემოირბინა. მამასთან მივიდა, ცრემლიანი
ღიმილით შეხედა; მან უკვე იცის რომ დედიკო ცაში აფრინდა და ანგელოზად
იქცა.
- მამა, იცი დედიკო ჩამოფრინდა, მინდორშია, ის ლამაზი პეპელაა, წამოდი ნახე!
- არა, პეპლები მალე კვდებიან, მე კი ვერ დავკარგავ მას ხელმეორედ...
დაიხურა კუბო. ჩადეს ამოთხრილ მიწაში, დააყარეს მიწა და ყვავილები.
- ივან, წამოდი მინდორში, დავუწნათ დედას ყვავილების გვირგვინი, მერე კი
ნაყინს გიყიდი.
- შოკოლადის ნაყინი მინდა!

Sunday, June 19, 2011

ო დროო დროო მზისფერ თვალებს ანათებ ქალაქს და გავუყვებით უცნობ ქვაფენილს თეთრი ბაფთებით

წითელი ვარდები... გუშინწინდელებია და თითქოს ოდნავ
თავი ჩაუქინდრავთ, მხოლოდ ერთი მიყურებს ამაყად.
თუმცა თავი დავანებოთ მათ, ისინი ხომ რა თქმა უნდა მე
არ მეკუთვნის, თუმცა ამგვარ სიტუაციაში სიამოვნებით
ვეტყოდი ორგანიზატორს : ტ.... გაიკეთე! არა ასე ალბათ არა,
ასე: როგორ ბედავ?!
ხოომ, მე ნამდვილად არ მიყვარს უცნობი თაყვანისმცემლები,
ისეთები წარმოდგენაც რომ არა აქვთ შენზე და სიყვარულს გიხსნიან.
მაგრამ არ მესმის ამაზე რატომ ვყბედობ, ნუთუ სხვა არაფერი გაქვს
ძვირფასო სათქმელი?
- დამარტყი თუ ეგრე ძალიან გინდა!
ხელებს მოვიხვევ მუხლებზე და გავირინდები ბურუსში
მერე მოვა ჩემი ფისოც, კუდს გამისმევს ნიკაპზე. მე კი
მაინც არ გავინძრევი. თვალები ღია მექნება, მაგრამ გაშეშებული.
პოსტი დამიძველდა, ამას ხომ გუშინ ვწერდი.


კლონგლოუზის გაყინულ კუნძულებს რომ მივაღწიეთ
თმები უკვე წელამდე გამზრდოდა სერენდონის ჰავის
წყალობით, ახლა კი ისე უცებ დამიარა სიცივემ სხეულში
თითქოს ცივი წყლით სავსე აბაზანაში ჩავწექი. საჭმელი,
როგორ მშიოდა, მაგრამ ჩემს შესაგებებლად არავის შეუწუხებია
თავი როგორც ჩანს, უცებ სიბრაზემ შემიპყრო, - ზებულოონ!
იგი უცებ მოვიდა, მშვიდი სახე ჰქონდა როგორც ყოველთვის
და მორჩილად მიყურებდა, მაგრამ მის თვალებში თითქოს
ყოველთვის ვამჩნევდი რომ თავი ჩემზე ჭკვიანი ეგონა ან
ჩემზე ძლიერი, არადა ჩემი გამოწვევები მას არცერთ ტურნირზე
არ მიუღია. ვერ ვიტანდი ასე რომ მიყურებდა და ვცდილობდი
ყოველთვის მკაცრი ვყოფილიყავი მასთან. არა რაღა მაინცდამაინც
ეს სიტყვაძუნწი მომიჩინეს მცველად, ერთი წელია სულ ჩემთანაა
მაგრამ მასზე თითქმის არაფერი არ ვიცი. ნეტა რამდენი წლისაა
ან ბრძოლა როდის ისწავლა? მმ. ადრე თუ გვიან აუცილებლად ვასწავლი
ჭკუას. - ახლავე გაგზავნეთ რამდენიმე კაცი კურონის სასახლეში
და გადაეცით ჩემს დასახვედრად მოემზადნონ. შენ კი იქნებ რამე
თბილი ტანსაცმელი მომიძებნო, სულაც არ მინდა შემცივდეს.



*******

სამანდამ ნელა მოწრუპა ყავა, ჭიქას მოაშორა ტუჩები,
რომელსაც წითელი ლაქა გაუჩნდა მის კვალზე და ახლა
სიგარეტი მოქაჩა ნებიერად. - ასეა ძვირფასო, დროა
შამპანურის აბაზანები მივიღოთ. გვერდულად გაიღიმა, ერთი
ფეხი მეორედან გადმოიღო და მკვირცხლად წამოხტა.
- გახსოვს საიდან დავიწყეთ? ახლა ყველაფერი გვაქვს.
'' ო დროო დროო მზისფერ თვალებს ანათებ ქალაქს
და გავუყვებით უცნობ ქვაფენილს თეთრი ბაფთებით''
წაიმღერა მან. მის ფრჩხილებზე ვარსკვლავები ბრჭყვიალებდნენ.
ოჰ ამერიკის მზეო გამათბე გამათბე მე უცხო არ ვარ.
კვერცხი ნელა გავხვრიტე და აივანზე გავედი, სამანდა ტელეფონზე
ლაპარაკით ცნობისმოყვარედ გამომყვა უკან. ძირს ჩავიხედე და მერე
გაღიმებულმა შევხედე მას, მან გამაფრთხილებელი სახე მიიღო,
თუმცა მისი ხმა ისევ ფისოსავით კნაოდა : დიახ მისტერ რეტფორდ...
მე უხმო მიმიკით გამოვაჯავრე მას, მერე გავიკრიჭე და რამდენიმე
წამში მისტერ დუნოვანის მელოტ და გარუჯულ თავზე ყვითელი
სითხე ალიპლიპდა. სანამ იგი ფრანგულად მლანძგავდა და მე ენაგამოყოფილი
ვეჯღანებოდი სამანდამ კომბინიზონში ჩამავლო ხელი და სახლში ძალით
შემათრია. ჩემს საქანელა სავარძელში ჩავხტი კმაყოფილი და გაღიმებული.
სამანდამ ყურმილი დაკიდა და ტუჩებმოკუმული სახით მომაჩერდა.
- ახლა შეგვიძლია შოკმანჟეები გავაკეთოთ და კრის კერეტი და მისი
ზორბა ძმა შენთვის - დავპატიჟოთ, მერე კი ლუდის ქილას ვესვრი
დუნოვანის კრიალასა და მრგვალს. არ გეწყინოს მაგრამ შენი ვილი
მართლაც ზორბა ვინმეა, კრისიც ვერაა დიდი ჭკუისკოლოფი, მაგრამ
მე მოვიფიქრე როგორ შეიძლება მისით გავერთო.

Friday, June 3, 2011

გული მერევა

წერა მინდა და ვეღარ ვწერ და რა ვქნა? ხელები მიდევს
გაშეშებული კლავიატურაზე და ვიყურები სადღაც მონიტორს
მიღმა. ნუ წაიკითხავთ ამ პოსტს, ძველები წაიკითხეთ რა. (:D)

ზაფხულის სიცხეში ყოველი დღის მზე გაფერმკრთალდება
მის თვალებში ... და
მე ვერ ვხედავ მზეს.


ეხლაც დარწმუნებული ვარ და არც არასდროს არ შევმცდარვარ
როცა ვიცი რომ ამინდი ჩემი განწყობის მიხედვით იცვლება.
არც ძველი ნაჩუქარი საყურის დაბრუნებას ვითხოვ და არც
გადაწერილი წერილების, სრულიად არაფერია ჩემთვის.
რას მოველი? არც არაფერს, დავიღალე, ვისწავლე(?), მაინც ვერ
თუ არ შევიცვალე.
''მინდა ყველაფერი ლამაზი, მსუბუქი როგორც თხილის ხეთა
ჩრდილთა თამაში. ჩუქება თმების სურნელის და თვალთა პირველი
გახელა დილით. მინდა კიდევ და კიდევ ბევრი სისულელე ვთქვა,
ყველაფრის თავდაყირა დაყენება, ცხოვრებას არ ვგულისხმობ,
რა უფლება მაქვს, უბრალოდ საგნებს. მინდა სევდიანი თვალების
მზერა, გახარებული თვალების მზერა, გაბრაზებული თვალების მზერა,
დაბნეული თვალების მზერაც მინდა და კიდევ ერთიც.
ხო, დიახ, ვაღიარებ ჩემი თითქმის ყოველი წინადადება ''მინდა''- თი
იწყება და არცერთ მათგანზე არ ვაპირებ უარის თქმას ან რაიმე
დათმობაზე წასვლას. მაქვს სუსტი პასუხისმგებლობის გრძნობა, არ
ვფიქრობ რა მოხდა და არ ვნანობ წარსულში ჩადენილ შეცდომებს.''
სე სე ზე ზე რე რე მე
ძალიან მსიამოვნებს რომ ვიყინები, მსიამოვნებს რომ
გული მერევა, არა, ვერ გაიგე ''მერევა'' გული ანუ გული
''მერევა''.

Saturday, May 14, 2011

გატეხილი გულების საამქრო?




არ მჭირდება კისერდაფარული მუზა!

მცვივა ხელისგულებიდან სითბო უაზროდ, მივაყოლებ დაწყევლილი
დღეების ქაოსს, მოდით ვიღაცამ მაგრად დამათვრეთ. აშმორებულ
და სუნიან ლოგინებს გავცდეთ. შენ მხოლოდ სურვილი ხარ მეტი
არაფერი და ყვითელი საღამოების სინათლეზე სპილენძის მოთუხთუხე
ჩაიდნებიდან ამომავალ ორთქლს გაჰყვები. გახდები მორიგი ხრინწიანი
სიცილის მიზეზი. მე კი ჩაის სიტკბო შემრჩება ტუჩებზე. არ მითხრა
რომ ორთქლი წვიმად იქცევა ხოლმე. უდაბნოში წყლის დალევა მასწავლეს ორკუზიანი
აქლემების ზევით მოსიარულე შავებმა. მე კი მათ ანტენიანი რადიო ვაჩუქე და
წავედი. გახურებული ქვიშების უსასრულობა მღლიდა.

ყოველ მზედალეულ საღამოებზე მიდიოდა ''მხიარულ როჯერში'',
ცილინდრიანი ბრამენისა და მბჟუტავი მწვანე სინათლეების ფონზე
ნელა წრუპავდა ორმაგ ვისკის ყინულით და სოდიან წყალზე პატიჟებდა
შარვალკოსტუმში გამოწყობილ ჭაღარა, შავსათვალიან და ჯოხიან კაცს,
ყოველთვის გვერდს რომ უმშვენებდა და ყოველთვის ფიქრობდა იგი
მასზე''ნეტავ ბრმა ხომ არ არისო''.
მაჩუქეთ, მაჩუქეთ. რატომ არაფერს მჩუქნით? მოვკვდები იცოდე.



ვეღარაფერს ვწერ. მაპატიეთ ეს პაწაწუნა პოსტი, თუმცა ეს ხომ
ნათუშას ბლოგია ასე რომ. დაღლილობის და ყველაფერი ცუდის
ქარები რომ გადამივლის და ცოცხალი ამოვყოფ თავს აბაზანიდან
მერე იქნება დახვავებულ ჰალუცინაციათა ქაოსი. რა უცებ ქრება
ხოლმე ყველაფერი. მინდა დღეები მალე გავიდეს, გავიქცევი შორს,
იქ სადაც სხვა ენაზე ლაპარაკობენ, ყველა უცნობი და ცივია და არავინ
არ ჩამეხუტება. მე ხომ სულ ცოტა ჩახუტებები შემიძლია ავიტანო.

Friday, May 6, 2011

ანაკრომები ჩავიყარე და წყალი დავასხი

მარწყვი მაჭამე ხელისგულებით,
როგორც ყოველთვის მე გავიღიმებ.
უკანონოა შენი ხელებით
ჩემს თმებში სევდას, რომ ვერ იცილებ...

კულტურული, გამხმარი და ვერამოძირკვული ფესვების სუნით
სარეცელზე, გამოვიღვიძე. გამოღვიძებას არ მოჰყოლია არაფერი
სასიამოვნო.
ქარი მიშრიალებს ნერვებს და არამარტო ქარი. პრობლემები
მძაგს და სისულელეების ჩახუტებაში ვერავინ მაჯობებს.
რატომ უნდა დამეკაკუნებინა კარზე, ისედაც ღია იყო და
საერთოდაც თუ ხელს გკრავენ სულაც არაა საჭირო კარებზე
დააკაკუნო.
ბლენდერს აჩხრიალებდა ყვითელ-წითელი წუწებით.
სულაც არ მადარდებდა. გული უნდა მტკენოდა?
წმინდა და უშურველი, ფერადი ღამეების ჩრდილში
გადაღლილი.
ხელში მხოლოდ გულგრილი სახით გაცნობილი არცოლების
ოდნავნაოჭიანი თითების კვალი, მათი უტყვი გამომეტყველება,
დაბოლილი ტუჩები და მე, როგორც აღქმული ბავშვი.
რომელიმე მათგანს ღიმილით რომ მიჩვენებენ საყვარელი შვილების
საფულეში ჩაკრულ სურათებს. შეღებვისაგან დამწვარი თმები
და პირები ყავების სუნებით.
ვერ ვიტან დღევანდელ დღეს, ხვალინდელსაც ალბათ ვერ ავიტან.
ის დღე მეყვარება.

რა ძნელი ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვა,
ნუთუ მარტო ჩემთვის. მიშველის ზაფხულის სახლში
ბალიშებში გაწოლა და სიმღერების მელანქოლიას აყოლილი
ჩემი ლირიკა?
And I'm tired of pretending
I'm tired of fighting on my own
I'm tired of pretending
I'm tired of living in this house.
საოცრებაა თუ შეგიძლია აღქმა, ძალიან ბევრი რამის დანახვა
შეიძლება. ერთ ადამიანს ვაკლებ, გაქრა.
ერთი, ორი, სამი. არასდროს მდომნია ფრთები მქონოდა.
დღეს ბევრი რამე აღარ ნიშნავს ჩემთვის რამეს.
აღვფრთოვანდები, გავოცდები, გადავირევი და საერთოდ
ბევრი სიცილი, ბევრი ტირილი, ყვირილი და ყველაფერი.
ცხოვრება ისეთი რამეა ცინიკოსობის საშუალებას რომ
მაძლევს, მშვენიერია.
მარტოხელა კაცების სადღეგრძელო ბოლომდე უნდა დალიო.
თავის თმებში ჩარგვა მიყვარს, კიდე გაყუჩება(ოღონდ ტკივილების არა),
მიყვარს უხერხული მომენტები და წუთიერი წამები.არა წუთიერი კი არა მარადისი.

როგორ მინდა სიცივე რომ არ იყოს მაისში
გავიყინე ქარების უსასრულო თარეშში.
სიმინდების ყანები სიმინდების ყანებში.
ხანდახან უაზრობებით როგორ ვერთობი. ბევრ ბევრს დავწერ რო მოვიცლი.

Friday, April 22, 2011

''სუპერადამიანი''



დროა ჩამოვიწმინდოთ მტვრიანი მელანქოლია, დავიბერტყოთ ტანიდან
სინანულის ყველა ნარჩენი, შევაფურთხოთ წარსულის ილუზიებს,
გავსრისოთ ყველა თურმეობითი ვარიანტი შეთხზული რეალობისა,
ცინიზმსაც კი დაცინვით ზურგი ვაქციოთ. დროა, დროა მწვანე, მკვახე,
ახალი ნაყოფის ჩაკბეჩის... დროა... ეგ თქვენი დამჭკნარი კანი სხვას გაუნაწილეთ,
მე ზღვის გულიდან ამომავალ ორთქლზე ვიცეკვებ, პირიდან გამოგაცლით
კუბურ სიგარებს, თავს გადავიქნევ და ხარხარით გაგაბრუებთ სიწითლეში
გადასული ხელის ქავილით.
თავს ნუ მისცემთ უფლებას შეიქმნათ იდეალი ''სუპერადამიანი''-სა.
ნუ შექმნით მას თუ შეგიძლიათ, თორემ ის გაგანადგურებთ.
მომეცი რჩევა, მომაწოდე როგორც დაგრეხილი ჯაგარი ღორის,
ჩემი ლურჯი ქუდის შეხებას კი იცოდეთ რომ ყველას გიკრძალავთ.
ორი გოლიათის აყრილი ტანი, რუხი ტანები, ხრაშუნა მიწის ზედაპირზე
დატყეპნილი ნაფეხურების გამაფრთხილებელი, უხმო ჩურჩული რომ მიყვებათ უკან.
მაჭამეთ ბევრი ორცხობილა, მარწყვის წვენი მომეცით სასმელად და
მე გაჩვენაბთ ყველაზე უფრო დამთვრალ არსებას,რომელიც არ ცნობს არავითარ ფხიზელ გონებას.
გოლიათები მოდიან და იფერთხავენ საუკუნო ძილისა და ფშვინვის ბურანს
თავებიდან, გადმობრეცილს, დეგრადირებულს, დროის ნამუსრევს.
რუხი, ლორწოვანი ენებით დაიწყებენ საზრდოს ძიებას. ნუ
შეშინდებით, მე გაგართობთ, გაიღიმეთ და ნუ დახუჭავთ
თვალებს ნურცერთ წამს, რომ არ გამოგრჩეთ შემთხვევის გამო საინტერესო
რამე მომენტი.


და მაინც , ვერც კი ხვდებიან რომ მომბეზრდა იმაზე კამათი
რაც ფეხებზე ან რომელიღაც არარსებულ ორგანოზე უკვე დიდი
ხნის წინ დავიკიდე. ან თუ გნებავთ კრემაცია ჩავუტარე და
ფერფლი მღვრიე ნაკადულს გავატანე, მაშინ არც კი გამხსენებია
ორი ხელის ფერება, არც მწვანილების შეფუთული თაიგული, ჩემი ხელების
ნაცვლად წარმატებით რომ შეიძლებოდა ღიპბანჯგვლიანი, ფართუკიანი
მექსიკელი მემწვანილის უკანალი დაემშვენებინა. მხოლოდ იმ აზრმა გამკრა
თავში - ხომ ნამდვილად სასიამოვნოა ვერცხლისფერი ლითონის საათს რომ
აჩუქებ მას და წინასწარ ტკბები იმის მოლოდინში რომ ხელებზე ბეწვი მოეწიწკნება,
სახე დაემანჭება და შენ კი უკვე მომზადებული,დინჯად გაიღიმებ. ხელით შევასწორე
ტალახიანი ფეხებით გადათელილი ყვავილები.


ჩემი შორეული და შუახნის კოლეგის მზიან ვერანდაზე, სარწეველა
ფერად სავარძელზე რომ გადავწვები, წითელჩარჩოიანი დიიდი სათვალით,
ფრჩხილებზე გადაქერცლილი ლურჯი ლაქით, ''კევის'' ღეჭვით, ალბათ ნამდვილ
გარყვნილ ქალს დავემსგავსები, თუმცა მისი შვილის თვალში სულა არა,
ისეთი სახე აქვს რომ ალბათ იმის წარმოდგენაც კი უჭირს რომ მაკოცოს.
ბოლოსდაბოლოს ისევ მე მომიწევს ალბათ თქმა : ლუდი გამიხსენი თუ
შეიძლება... ამერიკის სუნი ასდის ამ ყველაფერს და 27-30 წლის სუნი კიდევ.
დასწყევლოს ყველა შეშლილი დედაბერი.
მაპატიე მე არ მიყვარს მოლოცვები, თანაც შენ მიმართ სიყვარული
განელდა და გაცივდა როგორც ერთი საათის წინ მოხარშული კარტოფილის პიურე.
ვერ ვიტან რომ მეხებიან ნებართვის გარეშე!

Monday, April 18, 2011

მწვანე ფორთოხლების ტყვეობაში ერთად გვეძინა


მატილდა კოსტა შავი კაბების შრიალით იწყებდა დილას,
გაწმენდდა სარკეს თეთრი ტილოთი, ისევე როგორც შეამშრალებდა
თავის სველ სახეს. გაუყვებოდა ბნელი სახლის ვიწრო დერეფანს
ხის სავარძლიდან ხის კარებამდე ხის სავარცხლით თმადავარცხნილი
გაარღვევდა ჭაoბისფერ ფარდათა რიგებს კარზე კაკუნის ხმას რომ
უნდობლადა და უშედეგოდ ახშობდნენ თითქოს.
მიაცილებდნენ უცვლელი მზერით სიძველისაგან გაყვითლებული
სურათებითგან მაცქერალნი მიცრეცილი შავი თვალები,
ოდესღაც ქმრისა, თუ მამისა, თუ ძმისა, თუ დიდი ბაბუის, აწ უკვე
ბუნდოვანი, მკრთალი ლანდები შორეულ დროთა, გამოკეტილნი
ოთხკუთხედში ხის ჩარჩოებით, უგრძნობი და უქონელნი,
რომ აღარ შერჩათ არავითარი ძალა-სახსარი გამოესყიდათ
თავისუფლება ხარკის გადახდით.

ხელისგულები თხილის გულივით თეთრი ჰქონდა.
კურდღლის ქათქათა რბილი ბეწვებით შეემოსა მკლავები.
ღამის 2 საათზე ჭრიალით გაიღო მაცივრის კარები. უცებ ახმაურდა ტელევიზორი.
მწვანე ჭიები დასეოდნენ წითელი ძროხის ფილტვს, მაცივრის კარი ისევ მიიხურა
და შუქებიც ალბათ ჩაქრა შიგნით(?)
ორივე გვამი აქვე მდებარე ბაღის პატრონმა აღმოაჩინა.
მოხუცი ქალბატონი მარტო ცხოვრობს ბაღის სიახლოვეს, ამბობს რომ უცნაური არაფერი
შეუნიშნავს.
თეთრი თმა ლურჯი პრიალა ნაჭრის ქვეშ იყო დატკეპნილი.
ერთი მონადირე დადის ხოლმე ხანდახან ჩიტებს იჭერს, მიჰყავს, მერე ისევ მოჰყავს და უშვებს.

კლუ მოვიდა ჩეთან, მოდი ჩემო კლუ, მოდი გადაგეხვიო.
შეგიძლია თმა დამიწნა, ქუდი დამახურე და წამოგყვები მერე,
ამოვთხაროთ, ხის ფესვებიც ამოვგლიჯოთ, ვიპოვით მაგ მოკრუნჩხულ დედაბერს
რომელ ხვრელშიც არ უნდა დამალულიყო. სანთლები არ დაგავიწყდეს.

ხოოო..... ყოველთვის მეზიზღებოდა. ხოოო..... ერთად გვეძინა......


მწვანე ფორთოხლების ტყვეობაში.
უზარმაზარი ობობა იყო სურათზე გამოსახული, გამიკვირდა როგორ
დაჭრა და ქვაბში როგორ ჩატია. შავი ფეხები წრიულად ტრიალებდნენ,
დინჯად და რიტმულად ურევდა, მინდოდა მეკითხა მისთვის, მაგრამ
ვერ გავბედე ან ვარჩიე ეს პროცესი არ დამერღვია. ლუის დრუნჩს მოვეფერე და
მზეზე აპრიალებულ დანას მივაშტერდი. კარგია რომ სუნს ვეღარ ვგრძნობ.

ხოო .... მუცელზე მეფერებოდა, არა კი არ მეფერებოდა მეხვეოდა...

Thursday, April 7, 2011

მატილდას მოლოდინში

Anghel Andreea - Alba Iulia

რატომ არ მაქვს უფლება უარი ვთქვა იმაზე ''რეალობას'' რომ ეძახიან
და გადავსახლდე სიზმრებისა და ილუზიების სამყაროში, სადაც მე,
მე ვიქნები მხოლოდ მმართველი და გემრიელად ჩავიტკბარუნებ პირს
ჩემივე შეკვეთილი მოულოდნელი, ციმციმა და მოცაცახცახე პროცესების
დროს ასრულებული სურვილებით.
არის თუ არა შესაძლებელი რეალობა გაშლამებული ფრაზებითა და
ოთხკუთხედი სიტყვების დანაკუწება აწყობით აღვწეროთ?
თავშიც გიხლია ეგ შენი რეალობა, მე ტანში მბურძგლავს და სულ არაფერი
მადარდებს რომ მოხდება და ყოველთვის შემიძლია ურცხვად მოვიტყუო.
შემიძლია მეთქი, შემიძლია.
ასევე თამამადა და გაბედულად შემიძლია თავი ვიმართლო რომ
ცინიკოსად ''მაქციეს'', თუმცა იქნებ ის უფრო შეეფერებოდეს ჭეშმარიტებას
რომ ბუნებით ვარ ცინიკოსი, თავმოყვარე, ეგოისტი და გარყვნილი .
არ ვიცი... სამაგიეროდ თამამად ჩაგეხუტები როგორც საყვარელ
ფუღურო ხის მოხუც კანს და შენგან მოვითხოვ უთვალავ სითბოს.
კიდევ რა მინდა იცით? ამის მკითხველებს რომ ლოყები დავკოცნო.
მიყვარს ლოყებზე კოცნა და ნუ იქნებით ასეთი მკაცრები რომ
დამიშალოთ.
ათასჯერ და ათასმეერთეჯერ მინდა გაგიღიმოთ, მინდა დაგაჯეროთ.
ჩემს უხილავ სახლში მინდა შეგიტყუოთ უხილავი კარებით და ნუ
გაბუტავთ წყენისაგან ტუჩებს როცა ხაფანგში აღმოჩნდებით და
მოგიწევთ დამალობანას თამაში ფარდების რიგში მოკუნტულ სკივრებში
თავის ჩაყოფით.
თავს ნუ შეირცხვენთ გაურკვეველი ტკბილულების არ მოპარვით კიბეების
ქვეშ და ჭერზე მიმალულ თაროებში დამალული აბლაბუდაში გახვეული
უცნაური ნივთების არნახვით, დამიჯერეთ თქვენის მხრივ ეს მტკნარი
და ფუჭად განხორციელებული სისულელე იქნება. ნუ დავიტანჯავთ
თავებს ასე, შევეშვათ ამ გამრუდებულ მაზოხისტობას.
ნუ მოტყუვდებით, ნუ დაიწყებთ გენიალურის ძებნას რაღაც ბოდვაში.
მწვანე თხილების ხის ტოტებზე თუ არ გიქანავიათ ბავშვობაში
ან თუთის ხეზე მაღლა ასულს ჩამოსვლისა არ შეგშინებიათ,
ჯონჯოლის მძივები თუ არ აგისხამთ და ლოკოკინა არ გიგროვებიათ,
ბაყაყი თუ ვერ განგისხვავებიათ გომბეშოსაგან ეს არ ნიშნავს რომ
მე უფლება მაქვს თქვენ მოგატყუოთ.
ვიკრავდი თმას ცისფერი ბანტებით და გულწრფელად
განვიცდიდი ''ჩიტო გოგიას'' გულისტკივილს.
სულ მალე ძალიან უცნაური ამბები უნდა მოგიყვეთ,
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთამ ამბავს და ნუ მიმატოვებთ,
სულაც არ მხიბლავს დათვებთან ერთად ხეებზე ცოცვა
და დედა ფუტკრების თაფლის მოპარვა, ასე რომ ინებეთ კეთილი,
მოიხადეთ ქუდები და თავს უფლება მიეცით მასთან მიახლოების.
ვუთხრათ არა მანიაკალურ მოჩვენებებს და გავიცინოთ.
გთხოვთ შეემზადოთ, რთულია მასთან უეცრად შეჯახება.
სულ დროებით გემშვიდობებით ლოყებზე კოცნით.

Sunday, March 13, 2011

იგი








იგი უხილავი გარსითაა შემოსილი...
ღრმად შეისუნთქავს ჰაერს და თმაზე მზის სხივთა ციაგი გადასდის, ზემოდან რომ ეშვება თეთრი ღრუბლების გვერდაქცევით, გაივლის მაღალ ხეთა მწვანე აჩრდილებს და მას
გადასდის თმაზე მზე, დაბადებიდან ... მზის დაბადებიდან...
ხავერდოვან ხმაურში გაყუჩებული სიმშვიდით რაღაცით სავსე და ხან დაცლილი
არ ითვლის წამებს უკვე დიდი ხანია, მას შემდეგ რაც გავიდა საუკუნე მისი დაბადებიდან
მიწიდან ამომავალი ორთქლი რომ ეხვეოდა და მის ახალშობილ კანს სინაზის
სამარადისო ნიშანს აძლევდა, ვეშაპები დაცურავდნენ სადღაც ზღვაში და ნაპირზე კი
შრიალებდა სირინოზთა თმები მაშინ ჯერ კიდევ ლიცლიცა და ფერადოვან ჰაერში,
ზღვის ამ მარადისი ქალწულების, თავიანთი სიმღერით რომ გამოხატავდნენ სიხარულს,
მოგვრილს მისი დაბადებით, ან ასრულებდნენ გარდაუვალ მოვალეობას.
კანი მისი იფერებოდა, ფერით რომელსაც სამყარო ოდითგანვე ქმნიდა მისთვის და
უსასრული უსასრულობის შემდეგ შეეძლო და მოეხერხებინა...
კანი, რომელიც საუკუნეების შემდეგ დაიბურძგლებოდა შეხებისაგან და გამჭვირვალე
ბუსუსთა შეგრძნება გაკვირვების უცნაურ ტალღებს წარმოშობდა ცნობისმოყვარეობის ზედაპირზე,ზედაპირზე რომელიც დაონდობლად მთელი ვნებით იზიდავდა
სამყაროს ყველა საიდუმლოებას, მოულოდნელად რომ წააწყდებოდა
და აღმოაჩენდა ხავსითა და მტვრით დაფარულს ან კრიალასა და
მბრწყინავს. სინამდვილეში თვითონვე იზიდავდა მათ, იგი ვინც
დაბადებიდან საუკუნის შემდეგ დროს აღარ ითვლიდა(იმ დრომდე არც დაითვლის),
იზიდავდა მათ როგორც ღამის სინათლე პეპლებს, რომ გაეთავისებინა,
მოეხიბლა, გაერთო თავი და შემდეგ უკვე შთაენთქა ცნობისმოყვარეობის
უძირო მორევში, იმ იმედსღა უტოვებდა რომ ოდესმე მოწყენილს
შეიძლებოდა ისევ გამოეხმო იმ უხილავი ფსკერიდან რათა თავიდან შეეცნო...

გაივლის ერთი წელი ამ შეხებიდან, როცა მან ვერ იპოვა გზა არ
დანებებულიყო (სინამდვილეში სწორედ დანებება სურდაკიდევაც)
არა, არ გეგონოთ რომ იგი დამარცხდა ან ვინმეს წინაშე აღიარა ეს დამარცხება,მან
თავის საკუთარ თავს ზავი დაუდო.... გაივლის ერთი წელი
და სხეული, რომელსაც მოეშორებინა ის უფორმო გარსი,
რომლის კვალიც კი სამარადისოდ გაექრო, რადგან სხვანაირად
უბრალოდ არც შეიძლებოდა მომხდარიყო, სხეული რეალური
ექსპერიმენტების ობიექტი გახდება. ექსპერიმენტების,
რომლებსაც თვითონვე ანუ ჩვენვე ვიგონებდით, და ამ ერთი
წლის თავზე ვინებივრებდით ამ სხეულებს შოკოლადის
აბაზანებით, პატარაბურთულებიან ჟოლოს უამრავ ნაყოფთა
უდარდელი და სასიამოვნო სრესით, ცხენეზე გულაღმა წოლით
მზის ქვეშე, უდაბნოს ცხელი ქვიშებით, ეკლიან ყვავილებზე
ფერებით და ყველაფრით რაც სასიამოვნო იყო, ან შეიძლებოდა
ყოფილიყო რათა გაგვებერა სიხარულის თავშეუკავებელი
ბუშტები და ჩვენთვითონვე დაუყოვნებლივ გაგვეხეთქა
ურცხვი და უტეხი შეტევით, რომლის მოწინააღმდეგეც იცოდა რომ უკვე განწირული იყო...

Saturday, March 12, 2011

PIANOMAN




არა, არაფერი, უბრალოდ ვფიქრობდი, რამდენი ლოდინის წამი შეიძლება ჩაეტიოს ერთ წამში...
საშინლად ვწუხვარ, ახლა, როცა ვგრძნობ ჩემს პოსტს სენტიმენტალობის აბლაბუდაში გახვევა
რომ ემუქრება. მაგრამ იგი არ დაგიდევთ არანაირ წუხილს და განცდას...
უაზრობის ქსელში  თუ გახვეულხართ?




გამარჯობათ სერ, დაიბანეთ ხელები, ეგ ბეჭდებიც მოიძრეთ, შემდეგ წამომყევით... მე დავჯდები
და მოვუსმენ, ოხ სიამოვნებით მოვუსმენ გაშეშებულ სკამზე ვერგაშეშებული სხეულით მიკრული
თქვენი თითების ჩემს როიალზე დაჩნეული წამიერი ანაბეჭდების შედეგს ჰაერში.

ნუ გაწითლდებით ახალგაზრდავ, ნუ შეგაშინებთ მე რომ ვარ გვერდით,
ოხ, მოიშორეთ ეგ ბავშვური შეკრთომა სახიდან, ბოლოს და ბოლოს
მე ხომ აქ ვარ, შიშველი ყელით, თმაგაშლილი....გაოცებული ნუ
წახვალთ.



მზის სითბოს ვგრძნობ, რომელიც ისე შორსაა თუმცა მისი სხივები მაინც აღწევს
ჩემამდე.
სარკეში იყურება, სახეზე თეთრი ქაფი უსვია, რომელსაც ნელა იშორებს საპარსის სწორი
ჩამოსმით... ოთახიდან დაბალი მუსიკის ხმა გამოდის... ტუჩებზე თითებს ისმევს,
სახეს იმშრალებს თეთრი პირსახოცით, ჩამრთველს გადაატრიალებს და უახლოვდება
სიმშვიდეში გარინდებულ ოთახს.
ამერია ირგვლივ ყველაფერი, სიცარიელე ასეთი ჭრელი არ უნდა იყოს.
იგი შორიდან მოვიდა, ყოველთვის ასე მოდიოდა, მხოლოდ სიარულით,
მას ფრთები არასდროს ჰქონია, თუმცა თვითონ ამის შესახებ დარწმუნებული არ
არის. მოდიოდა ფეშიშველი უდაბნოს ცხელ ქვიშებზე, ოკეანის გლუვ ზედაპირებზე,
ნამიანი ბალახებით მორთულ მიწაზე... ის ეხლაც მოდის...
მინდა წამი როცა ყველაფერი გაქრება და ჩვენ დავწვებით წყლებზე, ბალახებში,
გვერდიგვერდ და ხელებგაშლილნი და მაშინ ამბობს, რომ დედამ ასწავლა
ბავშვობაში არასდროს შეეხედა მზისთვის, მაგრამ იგი იმ წამიდან ცდილობდა
ამის გაკეთებას.




დაბნელდება, საუკუნეები გაივლის, ყველა მიდის, ჩვენ კი ისევ ....
მე ვიცი რომ იქ არ არის არავითარი სიმშვიდე, იქ მხოლოდ ქაოსია.
სრულიად უაზრო პოსტი.
 წვიმის წვეთები მდინარეს ამღვრევენ და ადიდებენ,
მაგრამ ყველა არა, ზოგი მიწაზე ცვივა და პატარა ტალახიან გუბეს ქმნის,
რომელიც უკვე დასაშრობადაა განწირული, მაგრამ სანამ არსებობს
შეგვიძლია ვიხტუნავოთ შიგნით, გავიწუწოთ ტალახიანი წყლით და
ბევრი ვიცინოთ. ან უბრალოდ ვუყუროთ საკუთარი თავის მღვრიე
და მოლივლივე ანარეკლს.
არაფრის თქმა არ მინდა, მოვა დრო როცა ვიტყვი იმას, რაც უნდა ვთქვა,
სხვა გზა უბრალოდ არ არის.

Thursday, March 3, 2011

გაწელილი ღიმილის ფონზე

'ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა''. უდაბნო მე ვარ...... მღაღადებელიც... 

დამხრჩვალი ხეებისაგან სასახლეებს იშენებენ ბუები. დაატრიალებენ თავებს და დაჭყეტილი თვალებით აირეკლავენ ვარსკვლავების სიჩუმეს.

ნელნელა არარაობისაკენ მივდივარ, ვშორდები უბადრუკ ''მეს'' და არარაობა ''მეს'' ვუახლოვდები. ძველი ''მეს'' კანონების ფუყე ციხესიმაგრე ნაწილ-ნაწილ იშლება, მის ადგილზე აღარაფერი აშენდება, მხოლოდ ნაცრისფერი ქვის გროვები დარჩება შთამომავლობას თვალის ასახვევად.

დრო? დრო არ არის სამი, იგი ერთია და სამსახოვანი. (ირონიით დამტვრეული ღიმილი) დრო არასდროს გვკარგავს, ჩვენ ხშირად ვერ ვპოულობთ მას. დროს (არას) დროს არავისი არ ეშინია რადგან ყოველთვის იცის რომ ბოლოს მაინც თვითონ დარჩება გამარჯვებული.



ღმერთს არა აქვს სახე... ღმერთი შორს არის... გრძნობები? არანაირი გრძნობები... ტომარაჩამოცმული არსებობა... ცოდნა? არანაირი ცოდნა, მხოლოდ სრული უარყოფა, გაწელილი სიჩუმე ძვლების სირბილეს მოჰყვება როგორც ეშხიანი დელიკატესი.

სუფრაზე ნაირნაირ კერძებს არიგებენ : წითელს და გატრუსულს, ჩაჟამულს და ორთქლიანს, დამჭკნარ ქიშმიშიანსა დაგაწუწულს, უფერულსა და კოხტას, ოთხკუთხედსა და ოხშივარავარდნილს. თითქოს უნდა გამოიცნო ეხლა რა ხდება. თვალი და ცხვირი ტვინს გადასცემენ აღქმულ მშვენიერებას, ტვინი ამუშავდება გამჭვირვალე ძაფებით და უკავშირდება ენის რეცეპტორებს, ნერწყვი მოგდის, თვალები ხარბი სიხარულით გევსება მომავალი დაკმაყოფილების შეგრძნებით და ხელის სხარტი მოძრაობით მიადგები ჩანგალს რათა პირველი მსხვერპლი ამოირჩიო. თითქოს ადვილი იყო გამოსაცნობად, თუმცა თქვენ შეცდით. შიმშილი შეუთანხმებლადა და უტიფრად გაიპარა მუცლის უხილავი ღრუდან, როგორც ჩანს თქვენმა შიგნეულობამ იგი ვერ მოხიბლა. (მწვანედ გაზინზღლული ღიმილი) 
ოხ ეს ჩაჟამებული დღეები! გამხმარი დღეები! სვავი დღეები! ყორანი დღეები! გულწასული დღეები... დაორთქლილი სარკესავით დაბინდული ვარ. ვიღაცის ჰერბარიუმში ჩაკრული შემოდგომის გამხმარი ფოთოლივით მოწყენილი ვარ.

ბავშვი რომ ვიყავი მეგონა ტირილი სახიფათო იყო, რადგან შეიძლობოდა ჭიანჭველა მომკვდარიყო ცრემლით, რომელიც უსამართლოდ დააცხრებოდა მის ფაციფუცა ცხოვრებას. თურმე ვცდებოდი, ახალმა დაკვირვებებმა დაამტკიცა, რომ ჭიანჭველას შეუძლია პატარა ცრემლის ზღვა გადალახოს.

ბოლოს ყველაფერი წაიშლება და მხოოდ გრძნობები დარჩება, გრძნობები, რომელიც ჯერ არ არსებობს. არავითარი გონება! მხოლოდ გრძნობები შექმნიან იდეალურ იმპერიას.


ყოველთვის ურცხვად ვიტყუები.