Monday, September 3, 2012

მალიკი. ულიკი. მალიკი

ვხედავ მას რომ მიაბიჯებს წყნარად სოფლის ტალახიან გზაზე, ნესტიანი ხეების გვერდით შავი ჩექმებით. ის გაციებული იყო და დასუსტდა. მისი კანი ახლა რძისფერია და ხელები ოდნავ მოლურჯო. გრძელი თოფი ჰკიდია მხარზე და მისი მანტო(ყავისფერი მომწვანო) იმხელა და ისეთი თბილია, შენც თავისუფლად ჩაეტევი. გათბები კი არა დაგცხება. ნაუშნიკები გაუფუჭდა და გაახსენდა, რომ მუსიკა მოენატრა. სცადა მაგრამ ვერ შეაკეთა. სოფლის მაღაზიაში დაპირდნენ მოვიტანთო. ჩვენ ფირსაკრავი გვექნება. ახლა არავინ თევზაობს მდინარეზე. იმ მავთულხლართებით გაკეთებულ თევზსაჭერში ვერცხლიფერი, რუხი თევზები წვანან. თვალებგაშეშებულები. წარსული აღარ არის დაბინდული. აწმყო კი ნათელია და მშვიდი. შედი მაღაზიაში და ნაუშნიკები იყიდე. წერილის გამოგზავნა მოუნდა. კარგი იქნებოდა. ვინღა წერს წერილებს. გაეცინა. რამდენი ხანია არ გაუღიმია. ღიმილი არც იყო საჭირო. ისე კარგად იყო. -მალე აპრილი მოვა- ხმამაღლა გაიფიქრა. რემარკის რომანებს შეიძლება ჰგავდეს. სამი მეგობარი. ტრიუმფალური თაღი. ანდა ჰემინგუეის ''მშვიდობით იარაღო''. მე არც ავად გავხდები და არც მოვკვდები. არაფერი გაქვს საწუწუნო. აქ რომ მატარებელი მოდიოდეს ჩამოვიდოდა. ისე არ ჩამოვა. ჰმ. მალიკი. ულიკი. მალიკი. ფოლკნერი არ ვიცი, მაგრამ ''დათვი'' მაინც უნდა მოსწონდეს. ანდაზას მოვიგონებ მასტურბირებაზე.(ეს მისი სიტყვებია). შოტლანდიაში რომ დავბადებულიყავი კლეჩატი კაბით და საქსაფონით(თუ რაც არის) ვივლიდი. მომიხდებოდა. ხო შენც ამას მეტყოდი. მოგიხდებოდაო. ვიღაცის სახლიდან ქათმის ბულიონის სუნი გამოდის. ‎''თქვენ კაცი არ ხართ. დიდი ფუმფულა კატა ხართ''. ფუმფულა კატაო. ვინმეს რომ ვუთხრა დამცინებს ამაზე. ახლა უკვე გრძნობ მოუსვენრობისფერი წამები გაგიხშირდება.

Thursday, June 21, 2012

მე-ჯეჰუ, ჯესე და ჯერაჰი(ციკლიდან - პათოლოგიური წინდა)

მე-ჯეჰუ, ჯესე და ჯერაჰი ერთად ვცხოვრობთ. უკვე 1 წელი და 8 თვეა. ჯესე ფოტოგრაფია, მე რეკლამის დიზაინერი. ჯესეს მხრებამდე გაზრდილი წითური თმა აქვს, მე ვგიჯდები მის თმაში მზის ათინათის ყურებაზე და თითების ჩარგვაც მიყვარს. ეს მამშვიდებს. საერთოდ ვგიჟდები ჯესეზე. ისიც გიჟდება ჩემზე. ასე ამბობს თავის დღიურში. მე დღიურებს არ ვწერ. მაგრამ ბლოგი მაქვს. საერთოდ უცნობებს შეყვარებულები, საყვარლები ან ცოლ-ქმარი ვგონივართ ხოლმე. ჩვენ კი ვხალისობთ - და-ძმა ვართო. სასაცილოა, რო გვნახოთ, ის მაღალია, წითელთმიანი და მწვანეთვალება. მე დაბალი და სუსტი, თანაც წაბლისფერთმიანი. სინამდვილეში ჩვენ სექსიც არ გვაქვს. მიუხედავად იმისა რომ ერთად გვძინავს. ნუ მაშინ მაინც თუ ის თავის რომელიმე სურვილის ობიექტთან არ არის სექსით დაკავებული, ან მე ჩემსასთან. სხვა შემთხვევაში ჩვენ ჩვენს მეწამულ, პრიალა გადასაფარებლიან და უზარმაზარ ლოგინზე წამოვეგდებით ხოლმე და ვტკბებით ერთმანეთის ყურებით. შიშველი ისეთი ლამაზია, ანტიკური ხანის რომელიმე ცნობილი მოქანდაკის შედევრს მაგონებს. -შენ მკერდზე ვგიჟდები ჯესე. ათას რამეს ვიგონებთ ხოლმე ლოგინში. ხან გიჟებივით ვსუნავთ ერთმანეთს, ერთხელ ყინული მოვიტანეთ და ერთმანეთს დავადნეთ. ალბათ სექსიც გვექნებოდა ორი მიზეზი რომ არ გვიშლიდეს ხელს,- ჯესეს ქალები არ იზიდავს, მე კი პედერასტები. თუმცა ჩვენ უსექსოდაც ვგიჟდებით ერთმანეთზე. ხშირად გვიოცნებია ერთი ზომა ტანსაცმელი გვქონოდა, მაგრამ ეგ არ გვიშლის ხელს ერთმანეთის ტრუსები ამოვიცვათ. თუმცა ჯესე ჩემს ტრუსში ძალიან სასაცილოა, თავისი დიდი ინსტრუმენტი არ ეტევა და ხანდახან მისი ბიჭებიც ეჭვიანობენ გოგოს ტრუსიკზე. მერე ამ ამბავს მიყვება და ორივე ვხარხარებთ. ჯერაჰი ჩვენი ძაღლია. ორივენი ვგიჟდებით ჯერაჰზე და დღეში რამოდენიმეჯერ ვასეირნებთ. როცა სამივე ერთად ვართ. ეს ნამდვილი იდილიაა. ჯერაჰი ინდოეთიდან რომ მოვდიოდით მე და ჯესე, მაშინ ვიყიდეთ. მახსოვს, მზემოკიდებული ჯესე წყლის პირას, ჩამავალი მზის ფონზე, წითელი ვაშლის კბეჩით აათვალიერა ჩემს ხელებში მოკალათებული ცუგა და გაღიმებულ სახეზე მომითათუნა ხელი. ჯერაჰი, რომელიღაცა ინდოელი პრინცის სახელზე დავარქვით. ჯერეჰს ჩვენ ვუყვარვართ ყველაზე მეტად, ჩვენს შემდეგ კი ჭამა. განსაკუთრებით კი შოკოლადიანი პეჩენიების. ხოდა ჩვენც ჩემხელა ყუთებით ვყიდულობთ შოკოლადიან პეჩენიას და აგურისფერ ჩაის და ვემზადებით ჩვენი შაბათის ტრადიციული რიტუალისათვის. ფარდებს ჩამოვაფარებთ, ჩვენი წყლის ლეიბს, სპეციალურად ამ რიტუალისათვის რომ ვიყიდეთ გამოვათრევთ ოთახში, ინდური სანელებლებით შეზავებულ რამოდენიმე მარტივ კერძს გავამზადებთ, ტაილუა მოხუცმა რომ გვასწავლა იმათ. მერე ჩვენს რჩეულ მუსიკას ჩავრთავთ. არ გეტყვით რომელია, ეს უკვე საიდუმლოა. როი, ჯესეს მარადმწვანე მეგობარი ბიჭი ქალაქში საუკეთესი მარიხუანას მოგვიტანს, ხოლმე, არ ვიცი როგორ შოულობს, მაგრამ ალბათ უღირს, ისეთი ბედნიერია ხოლმე როცა გვასიამოვნებს. ჯერაჰს აგურისფერ ჩაიში ჩავულბობთ შოკოლადიან პეჩენიას და გვერდით მოვიწვენთ. მერე ვჭამთ, ვსვავთ, ვეწევით, ვლაპარაკობთ ათას რამეზე. ვცეკვავთ და ვეფერებით. მეორე დღეს ხომ კვირაა მაინც. როგორ გვიყვარს შაბათი. ხანდახან ჩვენს სხვადასხვა მეგობრებსაც დავპატიჟებთ ხოლმე. ყოველთვის ასეთი ბედნიერებიც არ ვართ და არც მთლად უღრუბლოა ჩვენი ცხოვრება, როგორც იტყვიან ხოლმე. ორივენი საშინლად მგრძნობიარეები ვართ და კრახით დასრულებული ან არშემდგარი რომანების გამო ხშირად ცრემლების ღვრა და გულის კუმშვები გვიწევს. არვიცი ერთმანეთი რომ არ გვყავდეს რა გვეშველოებოდა, ალბათ რომელიმე უტრუსიკო ბიჭიკოს გამო, ცალ ყვერზე რო კიდიხარ დეპრესიაში ჩავვარდებოდით. თითქმის სულ შეყვარებულები ვართ მაინც და ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, ერთმანეთის გემოვნებაზე რომ გვეკამათა. ხელფასს რომ ავიღებთ სახლის კინოთეატრის ყიდვას ვაპირებთ. მოვაწყობთ ხოლმე მერე ახალ, პარასკევულ რიტუალს. თქვენც დაგპატიჟებთ. ოღონდ ვინც მოვა ყველამ რაღაცა უნდა მოიტანოს. აი მაგალითად როი პლანს მოიტანს რა თქმა უნდა, პედრო თხილს. ფლორი სურნელოვან სანთელს. პაშა ძაღლის საპონს ჯერაჰისთვის. თქვენც რამეს მოიფიქრებთ. თუნდაც ფოსფორისფერი პრეზერვატივი მაგალუთად. არა, გასაბერი ქალი აბა რაში გვჭირდება, არც კაცი არ გვინდა. რამეს მოიფიქრებთ.

Wednesday, June 20, 2012

ისე მინდიხარ...

ყვითელი შუადღეები ქვიშიან ქარში მახვევს მდინარის ნაპირას,
წითელი საღამოები მთის პირებზე სიმშვიდეს მაფენს,
ლურჯი ღამეები, ვარსკვლავებით მოჭედილ ციანი,
ოცნებით მამკობს...  


ნეტავ ოდესმე მეყოლება სელაპი ,ან თუკი ვნახავ? - არამგონია.
ისე მინდიხარ...
თაგვივით მივემართები ყველის სუნით გაჟღენთილი ცხვირით, არ ვცნობ ხაფანგებს და სიბნელეში ვიკარგები ცხიმიან , მარილოვან სამოთხეში...
ჩემი ხანმოკლე რომანები მიყვარს. ბავშვური რომანი. ტუჩები. ჰმ.
საერთოდ დესირეს ობიექტი თუ არ მყავს(ან მყვანან) სიცოცხლე გახუნებულ მაისურს ემსგავსება, მოგონებები-დაცლილ სუნამოს ფლაკონს. ცხოვრება კი ბებერი ალიგატორივით შეშდება და საერთო ტონს ერწყმის. ნაცრისფერს.
შენ კი კარიც არ მიიჯახუნე ისე გახვედი. გასაღებიც არ წაიყოლე და დამტოვე ასე ნარინჯისფერი ფარდების ფონზე ამაყად თავაწეული და უაზრო ღიმილმოფენილი. ვადაგასული კონსერვის სუნით აყროლებული ცარიელი მაცივარივით გაყინულ ბინაში. კედლებს მიღმა უღიმღამო მეზობლების გარემოცვაში. ნახევრადდაცლილი კბილის პასტის, ორი გაფხორილი ჯაგრისის, და შენი დეზოდორანტით გარემოცული სააბაზანოს სიახლოვეს, ჩვენს გამძლე დივანზე ჩამომჯდარი.
აგერ ეს ბიჭი კი მიღიმის ავტობუსში, ჰმ. 16 -ს რო ვიყავი ამის მახინჯი ძმაკაცი მიყვარდა, ამას ვერ ვიტანდი.
საერთოდ ზოგი ისეთი მაგარი ადამიანია. ეგრევე შეგაყვარებენ ხოლმე თავს. ცხოვრებაში ვეღარ ნახავ, არც ეცდები მათ ნახვას. რო ნახო უსიამოვნოდ შეიშმუშნები, მაინც გესიამოვნება, მაინც ყოველთვის გახსენდებიან ხანდახან. მახსიერების რომელიღაცა უჯრედში მოთავსებული. ცნობიერსა და არაცნობიერ საზღვარს გამოკიდებული ადამიანები.
შენ არ მიგულისხმიხარ ჩემო საყვარელო, შენ ახლაც სიამოვნებით შეგაშინებდი. უცებ რომ გამოხტებიან ხოლმე საიდანღაც და შენ მიდიხარ მშვიდად და ამ დროს გული ... 

Monday, May 28, 2012

მთავარია კარი დაიხუროს

წინა ცხოვრებაში ვიყავი ასტრონავტი, კაცი, როჯერი, მოხუცი, შამანი, ათას მეერთე ღამე დღეს ყველაფერი მე ვარ. ყველაფერი გარდა თქვენისა. ისევე ვიღვიძებ როგორც გუშინ, დიდი ხანია უღიმღამო, დარეტიანებული სიზმრებიღა მართობენ ღამე. ან ვინ ელოდება აღმაფრენას. უტიფარი ეროტიკაც კი გაიშვიათებული და დატაცებულია სხვათა მიერ. სიზმრებს მპარავენ. სიზმრები ცხოვრებას გავს. ცხოვრება ყვითელ ავტობუსებს. მწვანე(?) სკამების შავი სახელურები, რაღა ვქნათ თუ არ დაგვრჩენია ჩვენ არაფერი ხელჩასაჭიდი. მთავარია კარი დაიხუროს.
 მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ
ტკივილო
მშვიდობით
წვიმს და მეშინია რომ ვეღარ გნახავ
მითხარი რამე ან არაფერი ............................
ალბათ წარსულის დავიწყების დრო მოვიდა. წარსულის, ვიღაცამ რომ უკვე დიდი ხანია დაივიწყა. დავივიწყოთ დავიწყებული წარსული და არარსებული მომავალი.
ჩვენია აწმყო!
სავსე სიცარიელით. ნუ ნაღვლობ იტირე იტანჯე. შეეჩვევი. დატკბი. ფუი ეშმაკს ცხოველებს მაინც ვიყიდი :კატას, ძაღლს და იქნებ ცხენსაც ან რაიმე მახინჯს საინტერესო ბიბლიოთეკა მექნება და კარგი სამზარეულო სხვადასხვანაირი საცხობი ფორმები მექნება დიახ მზიანი ვერანდა და მერე რა თუ შენ არ მეყოლები
ლამაზ, სულელ ბიჭუნებთან გავერთობი ხოლმე
ოდესმე შვილიც მეყოლება ან შვილები რა
დღესდღეობით ეს ამბავი აღარაა პრობლემა რა
სახლში ერთი მოსაწყენი არსებით ნაკლები ვიქნებით
შენ ხომ ცეკვასაც კი ვერ იტან
პოლიტიკურ გაზეთებშიც აღარ დავხარჯავთ ფულს
უფროსწორად ჰმ
რამოდენიმე ჯენტლმენი, რამოდენიმე კაი ტიპი და რამოდენიმე დეგენერატი მთხოვს ცოლობას ჰაჰაჰ
მგონი თეთრ კაბაზე არასოდეს მიოცნებია
ახლა აღმოვაჩინე
 ის არა რომ მომენატრე მე ხომ სულ მენატრები
მაგრამ ეს სუნთქვასავითაა ზოგჯერ სული მეხუთება და ისე მჭირდება ჰაერი, ამოსუნთქვა მონატრებაც ასეა
ზოგჯერ საშინლად მაწუხებს ხოლმე
იქნებ დაგივიწყო ჰმ
თუ სხვა გამოჩნდება ეგ ხომ მთლად უკეთესი თუმცა აქამდეც ბევრი გამოჩნდა, მაგრამ მესამე გამოცანის გამოცნობამდეც კი ვერ მივიდნენ
ეჰ
მე სულაც არ ვდარდობ არაფერზე, არც დეპრესიაში ვარ ჰაჰაჰ მე ხომ სულ უბრალო რამეებითაც კი ვტკბები უბრალოდ მიყვარს სენტიმენტებისა და გრძნობათა ფრქვევა ზოგი ხომ ასე უფრთხილდება მათ თვალისჩინივით და მაინც და მაინც ვერ ვიტან ამ სიტყვას - მიყვარხარ მართლა ვერ ვიტან

Saturday, April 21, 2012

ნიმფეტი და ჰუმბერტები. ჩვეულებრივი ამბავი

თავი 2 ბლატონა, რებეკა, ოზი. აღმოჩენები
იცით მართალია გავიზარდე (უკვე 12 -ის გავხდი) მაგრამ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი… და ან მერე რა როუზიც კი იმას ეუბნებოდა ეშლის მოიხსენი ვარდისფერი სათვალეო, ეშლი კი სულ ცოტა 5 წლით იყო ჩემზე უფროსი(თქვენ რა ამ სერიალისთვის არ გიყურებიათ?). სათვალის მიუხედავად სხვა ფერებსაც კარგად ვარჩევდი, მხოლოდ ფერებს კი არა ახალ სუნებს, უცხო შეგრძნებებს და მოულოდნელ, აუხსნელ მოვლენებსაც ვამჩნევდი,ან კი როგორ შეიძლებოდა არ შემემჩნია როცა ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მეჩეხებოდნენ,მახსენებდნენ რომ დიდი ვარ, თავისუფლად კი არა უკვე ბორძიკითა და შესვენებებით,ფრთხილად უნდა ვიარო გზაზე. ხო, დიდობა არც ისეთი მარტივი ყოფილა როგორც წარმომედგინა,იგი მხოლოდ ყავის სმით, ალკოჰოლიანი სასმელების წრუპვით, სიგარეტის გაბოლებით, მაკიაჟით,წვეულებებზე სიარულითა და ბიჭებთან ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარულით არ ამოიწურებოდა და ხანდახან ნაკლებად სასიამოვნო, უსიამოვნო ან სულაც მტკივნეულ სიურპრიზებსაც მოიცავდა.მარტივად რომ ვთქვა ის ისეთივე იყო, როგორც ჰარი პოტერში ”ყველანაიარი გემოს კანფეტები”,ზოგჯერ შოკოლადის გემოთი შეგხვდება, ზოგჯერ ნაყინის, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო რომ სნიკერსის ნაცვლად პირში წვინტლის გემო შეიგრძნო.ისიც მართალია რომ ზოგჯერ იგი სულაც უგემურია (არ თქვათ რომ ჰარი პოტერიც არ გიყურებიათ, ეს უკვე მეტისმეტია). ამ ყველაფრის მიუხედავად დიდური ცხოვრება მშვენიერი იყო. ჩემი დაბადების დღიდან ერთი კვირის შემდეგ მე გავიცანი ბლატონა, იგი ჩვენს მეზობლად გადმოვიდა საცხოვრებლად მამასთან ერთად. ბლატონა და მამამისი საბერძნეთიდან იყვნენ. თავიდან არ დავიჯერე, როცა მითხრეს რომ ცირკის მსახიობები იყვნენ, მაგრამ ერთ კვირა დღეს თავად დამპატიჯეს და მე საკუთარი თვალით დავრწმუნდი ყველაფერში. ბლატონას შავი დიდი თვალები ჰქონდა, იმფერივე გრძელი ტალღოვანი თმა,რომელზეც ყოველთვის ეკეთა ცისფერი ბანტი და ღიმილიანი სახე, რომლის წყალობითაც გულგრილს არავის ტოვებდა და ყველას კეთილგანწყობას იწვევდა. მე ვგიჟდებოდი მასზე. ის ჩემი პირველი მეგობარი იყო. ჩვენ ერთად დავდიოდით ტბაზე, ვაწყობდით პიკნიკებს, ვწნავდით გვირილებს, ვიცმევდით ერთნაირ ტანსაცმელს და ჩვენი საიდუმლო ენაც კი გვქონდა. მან რამდენიმე მარტივი ფოკუსი მასწავლა(ერთის გაკეთება ახლაც შემიძლია). მამამისი კარგი კაცი იყო, მას შეეძლო ერთდროულად რამოდენიმე ინსტრუმენტზე დაეკრა და სხვათაშორის მიზანშიც შესანიშნავად ისროდა. მე და ბლატონა წამოვწვებოდით მის ოთახში გაფენილ თეთრი დათვის ტყავზე და პედიკურს ვუკეთებდით ერთმანეთს. ბლატონა ყვებოდა ხოლმე ისტორიას, თეთრ დათვებზე სადღაც გრელანდიაში თუ ანტრაქტიდაზე რომ ცხოვრობდნენ(იქ ყინავდა,მაგრამ მათ არ სციოდათ). ეს ყველაფერი ალბათ თვითონ გამოიგონა ან საბერძნეთში ამ ისტორიით ისევე ატყუებდნენ ბავშვებს როგორც ჩვენთან სანტა კლაუსით. თუმცა ვფიქრობდი რომ იგი იმდენად გატაცებით და დაჯერებით ჰყვებოდა ამ ყველაფერს, რომ არ ღირდა მისთვის ის სიმართლე მიმეხალა პირში მე რომ უკვე ფართოდ თვალგახელილმა დავინახე. ყველაფერი იმდენად იდეალურად მიდიოდა რა ვიცოდი წინ რა კატასტროფა მელოდა.იგი აისბერგივით უახლოვდებოდა ჩემი ბედნიერების ტიტანიკს და ვარდისფერ სათვალეს გაყინულ ფსკერზე სამუდამოდ ჩაძირვას უქადდა(ტიტანიკი ხომ გაქვთ არა ნანახი, ქერათმიანი ბიჭი რო თამაშობს, ხო ეგ არის ზღვაში რო იფურთხებიან).

Friday, March 16, 2012

ნიმფეტი და ჰუმბერტები. ჩვეულებრივი ამბავი.

თავი I
ბავშვობა


მე დოლორესი მქვია ოფიციალურად. საერთოდ კი ცხოვრებაში ბევრ
სხვადასხვა სახელს მეძახდნენ : დოლის, ლოლის, გლორიას, გვირილას
და კიდევ სხვებსაც. მე ხომ რამდენჯერმე მქონდა ყალბი საბუთებიც.
სხვათა სახელებსაც კი მე მეძახდნენ სხვათა ქალაქებში.

როგორც დედაჩემი ამბობდა სახლში იმშობიარა და ის ზანგი ბებიაქალიც
თვითონ არ მოუხმია დასახმარებლად და სრულიადაც ზედმეტი იყო.
რაც თავი მახსოვს დედა სულ შერის და ყავის კოქტეილს აკეთებდა ყვავილებიანი
ხალათითითა და თმაზე ვარდისფერი ბიგუდებით შემოსილი და ამბობდა
რომ ეს მისი ხველებისათვის საუკეთესო წამალი იყო. უკეთესს თავად დოქტორი
ჯაკობსიც კი ვერ ურჩევდა. არ ვიცი რამდენად შველოდა ეს წამალი დედას,
მე ვფიქრობდი რომ არა, ალბათ იმიტომ რომ მისი მარჯვენა
ხელის ლურჯმანიკურიან თითებს შორის მოქცეული სიგარეტის რუხი დაბოლოება
თავს ვეღარ იკავებდა და დედას შეუმჩნევლად ვარდებოდა ჯადოსნურ ექსტრაქტში.
მამა არასოდეს მინახავს, დედას არ უყვარდა მასზე ლაპარაკი, მხოლოდ ის ვიცოდი
რომ მეხანძრე იყო და უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა. კერეტის ეძახდნენ
და კარგი კაცი იყო(ამას მეზობელი მოხუცი სუზი ამბობდა).

დედას ბევრი საყვარლები არ ყოლია, ის ყოველთვის ამბობდა რომ
იაფფასიან ღორებს თავი არ უნდა გაუყადრო და მხოლოდ ღირსეულ
ჯენტლმენებთან უნდა დაიჭირო საქმე. ღირსეული ჯენტლმენები კი არც ისე
ბევრი იყო ალბათ. მათ შავი პრიალა ფეხსაცმელები ეცვათ და შარვალ კოსტუმში
იყვნენ გამოწყობილები. შოკოლადი და შამპანიური მოჰქონდათ როცა ჩვენთან
ვახშმობდნენ. გოლფის სათამაშოდ პატიჯებდნენ დედას და ხან დოღზე, სადაც
როგორც ამბობდნენ თავიანთ ნახევარ ქონებას ფლანგავდნენ, მაგრამ მაინც არ
ენანებოდათ. ერთ დროს ჩვენთან არაჯენტლმენი კაციც მოდიოდა ხოლმე, მას
ჩემთვის საბავშვო ლამაზი წიგნები მოჰქონდა, დედასთვის კი არაფერი.
ყოველთვის დინჯი იყო და სათვალიანი. მერე გავიგე რომ ბიბლიოთეკის
დირექტორი ყოფილა. ისიც გავიგე რომ რობერტი ბიძაჩემი ყოფილა, ამან
დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარე კითხვები რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდა.

ჩემს მეზობლად ბავშვები არ ცხოვრობდნენ, სკოლაშიც არავისთან
მქონია გულითადი მეგობრობა ამიტომ ყოველთვის მარტოდ ვგრძნობდი
თავს, განსაკუთრებით მაშინ როცა დედა სასეირნოდ მიდიოდა ან გოლფის
სათამაშოდ, კინოში და რესტორნებშიც დადიოდა ხანდახან. ამ დროს ან
ტელევიზორის ყურებით ვირთობდი თავს( ჯეკ ოურენის შოუს არასდროს
ვტოვებდი), ხან დედას ჟურნალების თვალიერებით(აბა ძია რობერტის
მოტანილი საბავშვო წიგნები უკვე აღარ იყო ჩემთვის შესაფერისი) და
ხან მისი კაბების ჩაცმით. ან მოხუც სუზის ვეწვეოდი ხოლმე სტუმრად,
მასთან საუბარი არც ისე მოსაბეზრებელი იყო, თუმცა ხშირად ერთიდაიგივე
ამბებს იმეორებდა, მაგრამ რაც მთავრი იყო იგი ჩემთვის აკრძალულ ყავას
მალევინებდა, რომელსაც ვაშლის პეროგს ვატანდით და მე თავი ნამდვილ
დიდ ქალბატონად წარმომედგინა. საოჯახო ალბომს სუზი თითქმის ყოველ
სტუმრობაზე მათვალიერებინებდა, ამიტომ მისი მთელი ნათესაობის სახელები,
პროფესიები და ცხოვრებისეული ამბებიც კი ზეპირად ვიცოდი.

ძია რობერტს ჩემს მეთერთმეტე დაბადების დღეზე რომ მოდიოდა დიდი ცისფერი
სატვირთო მანქანა დაეჯახა, ეს ის მანქანა იყო, რომლითაც ყოველ კვირას
მოჰქონდათ ნაკელი ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ფერმაში. როგორც
უბნის ინსპექტორი იძახდა სქელყდიანი წიგნები ეჭირა ხელში ძია რობერტს,
იისფერი ლენტით გაფორმებული. ამ სამწუხარო ამბის შემდეგ ჩემს ფერად
ბიბლიოთეკას წიგნები აღარ შემატებია და სიმართლე გითხრათ ეს ამბავი
დიდად არც არასდროს მაღელვებდა, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი რომ
ცხოვრებაში უფრო საინტერესო რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა ვიდრე
პინოქიოს თავგადასავლის კითხვა. დედაც კი იმას ამბობდა, რომ სულ
ტყუილი და ზღაპრებია რასაც ამ წიგნებში წერენ და ცხოვრებაში ასე არ
ხდება. სიყვარული, ჰმ... ასე უკმაყოფილო ტონით ამთავრებდა თავის
არგუმენტირებულ კრიტიკას წიგნებისა თუ მათი ავტორების მიმართ.
ძია რობერტი პირველი მკვდარი იყო, მათ შორის ვინც კი მინახავს. მაშინ
დავრწმუნდი რო სიკვდილი მართლა არსებობდა, მაგრამ ადამიანი კი არ
ქრებოდა სიკვდილის შემდეგ, იგი შეშდებოდა მუქ ფერს იღებდა და ტუჩებიც
ულურჯდებოდა. სხვები ამბობდნენ რო მიცვალებული ცივდება კიდეც,
მაგრამ მე ხელით არ შევხებივარ, ვიფიქრე რომ საჭირო არ იყო ეჭვი შემეტანა.

12 წლის რომ გავხდი, როგორც უკვე მოზრდილმა ქვედა სართულიდან
ზემოთ გადავინაცვლე. ამან სტიმული მომცა თავი დიდად მიმეჩნია
და ბავშვურ წეს-ჩვეულებებთან გამომშვიდობება მეჩქარა.
სინამდვილეში ყველაფერი ერთ დღეში მოვიშორე თავიდან. სათამაშოები
ორ დიდ ყუთში ჩავყარე და სხვენში ავიტანე, დედა კი მეუბნებოდა მეზობლის
პატარა ბავშვებს ვაჩუქოთო, მაგრამ მე ჩავთვალე რომ ჩემი წარსული ჩემს
წარსულად უნდა დარჩენილიყო, თანაც არ მიყვარდა პატარა მჩხავანა ბავშვები.
ასანთის კოლოფების კოლექცია და კანფეტების ფერადი ქაღალდები ეზოში
დავწვით. იმ საღამოს პირველად დავლიე ლუდი. სასიამოვნო თავბრუსხვევისა
და სიმხიარულის ეფექტი ჰქონდა. დედას დაქალმა მოდურ ტანსაცმლის მაღაზიაში
რომ მუშაობდა და წვრილ სიგარას ეწეოდა ლიფი მაჩუქა. ლიფი ლამაზი იყო,
მაგრამ მხოლოდ 1 წლის მერე დავიწყე მისი გამოყენება.

ამ მშვენიერი საღამოს შემდეგ დარწმუნებული ვიყავი რომ ახალი ცხოვრება დაიწყებოდა,მე ხომ უკვე თორმეტის ვიყავი, ლიფიც მქონდა და მარტო ვცხოვრობდი ზედა სართულზე.

Thursday, February 9, 2012

მე ვარ Übermensch !

ხის კარმა გაიჭრიალა, გაიღო და თებერვლის დილის მარილიანი მზის
შუქმა გაანათა ბნელ მაღალჭერიან ოთხსავე კედელს მოქცეული
ავლა დიდება ჩვენი სახლისა, მოჰფინა ოქროსფერი შუქი შუაში
მოსალოდნელი საფრთხის მაუწყებელი მაჯლაჯუნასავით რომ
გადმოსწოლილიყო მაქქვინის ჩრდილი.იყო კი იგი აჩრდილი მამისა ?
მთელი სინათლის გადაფარვა თუ ეწადა, უჩვეულო იყო, ამბიციური,
არ ირეკლავდა ფერს კანისას მისი მფლობელის. ისევ ჭრიალით მიხურა კარი.
მელვინმა მკვირცხლად წამოყო თავი, დაუზარებლად გაიზმორა და უკვე
გაჭიმული ხელებით ღონიერად დაბერტყა ოდესღაც თეთრი პერანგი ღამის.
სინათლის სხივში მტვრის უამრავი წერტილი დატრიალდა. უკვე გარდასულ
სიზმართა მელანქოლია.
- ადრე გაგიღვიძია მაქქვინ, როგორც ყოველთვის, დილის შავო მაცნევ
ენდი სადღაა ალბათ წვერს იპარსს ან მანიკურით იქნება დაკავებული,
შეჩვენებული თავისი ლონდონური ჩვევებით. მოდი ჩამოჯექ რას
დამდგარხარ, მალე გავხდებით ისევე სამნი და აღვადგინოთ მივიწყებული
ჩვენ მეგობრობა.
წყალი შეისხა სახეზე და დაქნეული ხელებიდან ისროლა
პატარა წუწები წყლისა. ორივე მაგიდას მიუსხდნენ და ენდიც
შემოვიდა გვერდითა ოთახიდან. ფერმკრთალი ინგლისური სახე
ჭროღა თვალებით და მოწითურო თმით.
- მშვენიერი დილაა ბატონებო მადლობა უფალს, როგორ გიკითხოთ?
- ვისა ? სკამი მაგიდას მიუჩოჩა მელვინმა. ხო რათქმაუნდა.
რა გვიჭირს ვცოცხლობთ, სანამ ვიცოცხლებთ.
აბა რას გვეტყვი ახალს მაქქვინ თუ შეგცვალა რამით ბიცოლა მერი ენთან
გატარებულმა არდადეგებმა. ხალისით ახსავსე მიაჩერდა მაქქვინს
და თან კარაქის მსუქანი ნაჭერი დაადო თეთრ ინგლისურ პურს.

- თქვენ ისევ ისეთი მკრეხელი ხუმარა ბრძანდებით მელვილ აბა რა გითხრათ
აი მე კი სხვა ვარ ახლა და მაინც კი იგივე ვარ.

თბილი რძის სუნი წამოიყოლა. ხაოკიან მსხვილ თითებს მიჩვეული
მსუქანი ყავისფერი ჯიქნის მადლი. ჯიქანს მიჩვეული თითები.
ცხოვრებისეული საჭირო მეგობრები. მწვანე ქაფიანი ბალახი.
ოხშივარავარდნილი საპნიანი, ნაცრისფერი წყალი. თუჯის თასში მოჭყაპუნე.
ფხვიერი, ნესტიანი, ნაყოფიერი მიწა, საკვებთა ფესვებით სავსე და წინაპართა
ძვალთაგან თავისუფალი. უმანკო მიწა. ღონიერ, მშრომელ ფეხთა საყრდენი.

თაფლს გეახლებით,ვიმედოვნებ ეს ენდის დაყენებული ჩაია და არა თქვენი
მოხარშული გუბე. ცოდვილი ხართ თქვენი ხელიდან რა გამოვა კი გემრიელი.
ჭაობში ცხოვრობთ.

ჰიჰი, ჩაიხითხითა მელვილმა და კმაყოფილებით მოჭუტა თვალები.
გამომშვიდობებისას გლოცავდნენ მისი ძუძუნი.

დამჭკნარი ბებერი ძუძუსთავები.

უბერავდა ქარი ძველი ძველი ზღვიდან, აშრიალებდა
ცისფერს, ფარდებს სარკმლისას უცხოს
იყურებოდა ქალი, ქალი სავარცხლით ხელში
მოწყენილობას მგვრიდა თეთრი ხელებით თმებში

ეხეთქებოდა ტალღა სადღაც ჭუჭყიან ნაპირს
აღარსად იყო ქალი, თითქოს სიზმარი იყო
უკან წაიღო სითბო იმ ნათესავმა ქარის
და ისევ დავრჩით მარტო, ისევ ზამთარი იყო.

- გარწმუნებთ ჩაით კმაყოფილი დარჩებით, დედაჩემმა გამომიგზავნა
გასულ კვირას. მოხუცი ფრედი რომ დავასაფლავეთ. საწყალი.

- ლონდონის უმაღლესი საზოგადოების ლოცვა კურთხევასაც თან
დააყოლებდა, თუ პარიზში დასეირნობს ლამაზი ლამაზთა შორის?
ფრანგულ სუნამოთა გამაბრუებელ რიგებში, მოდურ მაღაზიებში
მოსიარულე მდიდრების სავანე.პარიზი, ერთადერთი ადგილი რომელსაც
ბოროტტათვის, კეთილთათვის, მდიდართა თუ ღარიბისთვის, მცოდნეთა
თუ უბირთათვის, სიმდიდრის მაძიებელთა თუ მფლანგველთათვის
ეთქმის სამოთხე. გავიშვიროთ ორთავე ხელი და მოწყალება ვითხოვოთ
თავდაკვრით. მოგვცემენ. ითხოვე და მოგეცემაო.

სუფთა , მოვლილი თითები მიწვდა ვერცხლისფრად მოკიაფე ჩაიდანს
და სამივეს ფინჯანი სურნელოვანი ღია ყვითელი სითხით აავსო.

ორთქლი შეერია მძიმე ბნელ ჰაერს. დაორთქლილი ცხვირები.
ლურჯნაცრისფერი ტუჩებით მარადისობის გამძლე ნიშანით, მშვიდი
სიამოვნებით შეხვრიპა ჩაი. მისი წინაპრები მონადირენი იყვნენ.
იგი კი არ ჭამდა ცხოველთა ხორცს. რომ შეემსუბუქებინა სული,
დამძიმებული მათ ცოდვათაგან.
-დღეს ნაადრევად უნდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო ანტონია მელოდება.
- უცნაური ქალბატონია თქვენი საცოლე ენდი, სულ იღიმის და ისე
საუბრობს ეშმაკიც კი ვერ გაარკვევს რა უდევს გულში. ამბობდა რომ
ვერ იტანს მამას. იუმორში კი კარგად ვეწყობით ერთმანეთს ცოტა
უსიამოვნოდ რომ არ მჭრიდეს ყურს მისი კისკისი. ხანაც კი ისეთი
მზერა აქვს იმ ყველაზე ქალურ არსებას რომ მგონია მე კი არა იგია კაცი.
მგონი ყველანი დავნაყრდით არა ? ახლა კი გავეშუროთ, გავეშუროთ
მეგობრებო სადაც გველიან.გასაღები ხომ შენ გაქვს მაქქვინ?
- თქვენ მეტისმეტად ბევრს საუბრობთ მელვილ, მაგრამ გაპატიებთ
მე მესმის თქვენი. მართლაც უჩვეულო ქალია იგი.
რამდენიმე წუთში უკვე კარს უკან იკარგებოდა სამი ხმა თებერვლის ქარში.
ოთახში ახალი მოახლე გარდაცვლილი ჭაღარა ფრედის შვილიშვილი
მალაქია დააბიჯებდა უხერხულად, შეეჭმუხნა შუბლი დამწუხრებულს,
თითქოს ვერსად ხედავდა სინათლეს გვირაბის ბოლოს უაზაროდ დაჰყურებდა
დაცარიელებულ ფინჯნებში ჩარჩენილ ყვითელ სისველეს.
და გაისმა ხმა, ხმა ცათა შინა:
- წამომყევით, წამომყევით მეგობრებო ქვესკნელიდან ამოგიყვანთ და
სინათლით დაგიბრმავებთ ბნელს ჩვეულ თვალებს. მე ვარ Übermensch !