Saturday, March 12, 2011

PIANOMAN




არა, არაფერი, უბრალოდ ვფიქრობდი, რამდენი ლოდინის წამი შეიძლება ჩაეტიოს ერთ წამში...
საშინლად ვწუხვარ, ახლა, როცა ვგრძნობ ჩემს პოსტს სენტიმენტალობის აბლაბუდაში გახვევა
რომ ემუქრება. მაგრამ იგი არ დაგიდევთ არანაირ წუხილს და განცდას...
უაზრობის ქსელში  თუ გახვეულხართ?




გამარჯობათ სერ, დაიბანეთ ხელები, ეგ ბეჭდებიც მოიძრეთ, შემდეგ წამომყევით... მე დავჯდები
და მოვუსმენ, ოხ სიამოვნებით მოვუსმენ გაშეშებულ სკამზე ვერგაშეშებული სხეულით მიკრული
თქვენი თითების ჩემს როიალზე დაჩნეული წამიერი ანაბეჭდების შედეგს ჰაერში.

ნუ გაწითლდებით ახალგაზრდავ, ნუ შეგაშინებთ მე რომ ვარ გვერდით,
ოხ, მოიშორეთ ეგ ბავშვური შეკრთომა სახიდან, ბოლოს და ბოლოს
მე ხომ აქ ვარ, შიშველი ყელით, თმაგაშლილი....გაოცებული ნუ
წახვალთ.



მზის სითბოს ვგრძნობ, რომელიც ისე შორსაა თუმცა მისი სხივები მაინც აღწევს
ჩემამდე.
სარკეში იყურება, სახეზე თეთრი ქაფი უსვია, რომელსაც ნელა იშორებს საპარსის სწორი
ჩამოსმით... ოთახიდან დაბალი მუსიკის ხმა გამოდის... ტუჩებზე თითებს ისმევს,
სახეს იმშრალებს თეთრი პირსახოცით, ჩამრთველს გადაატრიალებს და უახლოვდება
სიმშვიდეში გარინდებულ ოთახს.
ამერია ირგვლივ ყველაფერი, სიცარიელე ასეთი ჭრელი არ უნდა იყოს.
იგი შორიდან მოვიდა, ყოველთვის ასე მოდიოდა, მხოლოდ სიარულით,
მას ფრთები არასდროს ჰქონია, თუმცა თვითონ ამის შესახებ დარწმუნებული არ
არის. მოდიოდა ფეშიშველი უდაბნოს ცხელ ქვიშებზე, ოკეანის გლუვ ზედაპირებზე,
ნამიანი ბალახებით მორთულ მიწაზე... ის ეხლაც მოდის...
მინდა წამი როცა ყველაფერი გაქრება და ჩვენ დავწვებით წყლებზე, ბალახებში,
გვერდიგვერდ და ხელებგაშლილნი და მაშინ ამბობს, რომ დედამ ასწავლა
ბავშვობაში არასდროს შეეხედა მზისთვის, მაგრამ იგი იმ წამიდან ცდილობდა
ამის გაკეთებას.




დაბნელდება, საუკუნეები გაივლის, ყველა მიდის, ჩვენ კი ისევ ....
მე ვიცი რომ იქ არ არის არავითარი სიმშვიდე, იქ მხოლოდ ქაოსია.
სრულიად უაზრო პოსტი.
 წვიმის წვეთები მდინარეს ამღვრევენ და ადიდებენ,
მაგრამ ყველა არა, ზოგი მიწაზე ცვივა და პატარა ტალახიან გუბეს ქმნის,
რომელიც უკვე დასაშრობადაა განწირული, მაგრამ სანამ არსებობს
შეგვიძლია ვიხტუნავოთ შიგნით, გავიწუწოთ ტალახიანი წყლით და
ბევრი ვიცინოთ. ან უბრალოდ ვუყუროთ საკუთარი თავის მღვრიე
და მოლივლივე ანარეკლს.
არაფრის თქმა არ მინდა, მოვა დრო როცა ვიტყვი იმას, რაც უნდა ვთქვა,
სხვა გზა უბრალოდ არ არის.

No comments:

Post a Comment