Thursday, June 23, 2011

ეს ყველაფერი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე...



- აჰ, მეგობარო, მანდ ყოფილხარ? -
- ახლა კი მომისმინე... თუ გყვარებია შენ როდისმე ...

ჩემი სახელი N-ით იწყება, ''ენ''- ით.
მე ვფიქრობ არასდროს დავიხრჩობ თავს ოკეანეში, სამაგიეროდ
მე შემიძლია წარმოვიდგინო როგორ ეშვება მისი ფსკერისკენ ჩემი
სხეული - როგორც მოცისფრო მარმარილო ცივ უსასრულობაში.
სახე ალბათ იქნება მშვიდი, ცისფერი ხელები თეთრი კაბის ლივლივში
და წყალში გაბნეული თმა.
ღამის სიბნელე მხოლოდ ამხიარულებთ მგზავრებს, კაპიტანი ღირსეულად
ეწევა სიგარას, მთელი გემი სიცოცხლითაა სავსე. შორიდან უამრავი,
პატარა, ოთხკუთხედი ნათება.
ეს ყველაფერი ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ფონზე... თუმცა არა, აშკარად
რამე მშვიდი უფრო მოუხდებოდა.

მე არ დავარქმევ ჩემს შვილს ჰამნეტს და იგი არ დაიღუპება თერთმეტი წლისა.

ეს მოთხრობა 2008 წლითაა ჩემს რვეულში დათარიღებული, არ ვიცი
რატომ დავწერე, ვფიქრობ რისი სუნი აქვს და ვერ მოვიფიქრე მაინც.

ასვენია წაბლის ხის წაბლისფერ კუბოში. კუბი ღიაა. ჩანს მისი
გაფითრებული სხეული, უსიცოცხლო სახე რომელიც ოდესღაც
ვარდისფერი იყო, ახლა კი აღარ ეტყობა სიცოცხლის ნიშანწყალი.
არც ის ღიმილი ამშვენებს მის ბაგეებს, მოკუმულ ტუჩებს, რომლებიც
რამდენიმე დღის წინ იყო წითელი, ნაზი, დაბერილი... არ ჩანს მისი
თვალები, რომლებიც დახუჭულია, თაფლისფერი დიდი თვალები,
შუაში დიდი შავი წერტილები რომ ჰქონდათ... აღარც მის თმებს აღარ
აქვს სურნელი.
მისი მოძრავი, სხარტი სხეული ახლა გაუნძრევლად დევს.
ვეღარ დადის, ვეღარ ცეკვავს, ვეღარ კისკისებს...
ვეღარც მის საყვარელ ქმარზე ზრუნავს და ვეღარც პატარა ივანზე.
ყველაფერი მდუმარეა. აღარავითარი საზრუნავი და არავითარი
ვალდებულება. სიჩუმე, სიმშვიდე, სიცარიელე.
გარშემო ირევა შავებში ჩაცმული ხალხი შეწუხებული სახეებით.
ზოგი თავს აქნევს სინანულით, ზოგს ცრემლიც კი მოსდის.
ირევიან შავებში ჩაცმული მოჩვენებები უსიცოცხლო, ბნელ ოთახში.
ფანჯრები ჩაკეტილია, ფარდები ჩამოშვებული.
მეორე ოთახი. ორი ლოგინი, ღია ფანჯრები.
პატარა, მრგვალ ხის მაგიდაზე დევს ლარნაკი, უწყლო ლარნაკი,
რომელშიც გამხმარი იასამნისფერი ყვავილები აწყვია.
პატარა ხისჩარჩოიანი სურათი. შიგნით ის არის, 18 წლისა. იღიმის, ლამაზია.
ლოგინზე ზის ახალგაზრდა კაცი, სადღაც 25 წლის. თმა ოდნავ შესჭაღარავებია
და სახე გაფითრებია. მარცხენა ხელი ოდნავ უკანკალებს და მას შესცქერის
შუშის მიღმა. გული ნელა უცემს, გონება სწრაფად მოძრაობს.
ერთი მოგონება ცვლის მეორეს, თვალწინ მიქრის წამებში მთელი ცხოვრება.
დარჩა მხოლოდ ეს წამები, წამებში დატეული მოგონებები.
შუადღის მზე ძლიერ აჭერს, აგვისტოს მზე. პატარა გოგონა კი დარბის
მინდორში, წყვეტს გვირილებს და აკეთებს გვირგვინს. თეთრი მზის ქუდი
მოხადა უცებ ჩრდილოეთიდან დაბერილმა ქარმა. ის მისდევს ქუდს და
თან კისკისებს...
დაფრინავენ მინდორში თეთრი და ცისფერი პეპლები. არ არის მათი დაჭერა
ძნელი, მაგრამ თუ დაიჭერ და გაუშვებ ხელზე თეთრი მტვერი დაგრჩება.
კარი უცებ გაიღო და ივანუშამ შემოირბინა. მამასთან მივიდა, ცრემლიანი
ღიმილით შეხედა; მან უკვე იცის რომ დედიკო ცაში აფრინდა და ანგელოზად
იქცა.
- მამა, იცი დედიკო ჩამოფრინდა, მინდორშია, ის ლამაზი პეპელაა, წამოდი ნახე!
- არა, პეპლები მალე კვდებიან, მე კი ვერ დავკარგავ მას ხელმეორედ...
დაიხურა კუბო. ჩადეს ამოთხრილ მიწაში, დააყარეს მიწა და ყვავილები.
- ივან, წამოდი მინდორში, დავუწნათ დედას ყვავილების გვირგვინი, მერე კი
ნაყინს გიყიდი.
- შოკოლადის ნაყინი მინდა!

2 comments:

  1. :(((((((((((((((((
    ძალიან სევდიანია

    ReplyDelete
  2. აუ ამ ღამით მაინც არ წამეკითხა, სევდიანია ძალიან...

    ReplyDelete