Friday, April 22, 2011

''სუპერადამიანი''



დროა ჩამოვიწმინდოთ მტვრიანი მელანქოლია, დავიბერტყოთ ტანიდან
სინანულის ყველა ნარჩენი, შევაფურთხოთ წარსულის ილუზიებს,
გავსრისოთ ყველა თურმეობითი ვარიანტი შეთხზული რეალობისა,
ცინიზმსაც კი დაცინვით ზურგი ვაქციოთ. დროა, დროა მწვანე, მკვახე,
ახალი ნაყოფის ჩაკბეჩის... დროა... ეგ თქვენი დამჭკნარი კანი სხვას გაუნაწილეთ,
მე ზღვის გულიდან ამომავალ ორთქლზე ვიცეკვებ, პირიდან გამოგაცლით
კუბურ სიგარებს, თავს გადავიქნევ და ხარხარით გაგაბრუებთ სიწითლეში
გადასული ხელის ქავილით.
თავს ნუ მისცემთ უფლებას შეიქმნათ იდეალი ''სუპერადამიანი''-სა.
ნუ შექმნით მას თუ შეგიძლიათ, თორემ ის გაგანადგურებთ.
მომეცი რჩევა, მომაწოდე როგორც დაგრეხილი ჯაგარი ღორის,
ჩემი ლურჯი ქუდის შეხებას კი იცოდეთ რომ ყველას გიკრძალავთ.
ორი გოლიათის აყრილი ტანი, რუხი ტანები, ხრაშუნა მიწის ზედაპირზე
დატყეპნილი ნაფეხურების გამაფრთხილებელი, უხმო ჩურჩული რომ მიყვებათ უკან.
მაჭამეთ ბევრი ორცხობილა, მარწყვის წვენი მომეცით სასმელად და
მე გაჩვენაბთ ყველაზე უფრო დამთვრალ არსებას,რომელიც არ ცნობს არავითარ ფხიზელ გონებას.
გოლიათები მოდიან და იფერთხავენ საუკუნო ძილისა და ფშვინვის ბურანს
თავებიდან, გადმობრეცილს, დეგრადირებულს, დროის ნამუსრევს.
რუხი, ლორწოვანი ენებით დაიწყებენ საზრდოს ძიებას. ნუ
შეშინდებით, მე გაგართობთ, გაიღიმეთ და ნუ დახუჭავთ
თვალებს ნურცერთ წამს, რომ არ გამოგრჩეთ შემთხვევის გამო საინტერესო
რამე მომენტი.


და მაინც , ვერც კი ხვდებიან რომ მომბეზრდა იმაზე კამათი
რაც ფეხებზე ან რომელიღაც არარსებულ ორგანოზე უკვე დიდი
ხნის წინ დავიკიდე. ან თუ გნებავთ კრემაცია ჩავუტარე და
ფერფლი მღვრიე ნაკადულს გავატანე, მაშინ არც კი გამხსენებია
ორი ხელის ფერება, არც მწვანილების შეფუთული თაიგული, ჩემი ხელების
ნაცვლად წარმატებით რომ შეიძლებოდა ღიპბანჯგვლიანი, ფართუკიანი
მექსიკელი მემწვანილის უკანალი დაემშვენებინა. მხოლოდ იმ აზრმა გამკრა
თავში - ხომ ნამდვილად სასიამოვნოა ვერცხლისფერი ლითონის საათს რომ
აჩუქებ მას და წინასწარ ტკბები იმის მოლოდინში რომ ხელებზე ბეწვი მოეწიწკნება,
სახე დაემანჭება და შენ კი უკვე მომზადებული,დინჯად გაიღიმებ. ხელით შევასწორე
ტალახიანი ფეხებით გადათელილი ყვავილები.


ჩემი შორეული და შუახნის კოლეგის მზიან ვერანდაზე, სარწეველა
ფერად სავარძელზე რომ გადავწვები, წითელჩარჩოიანი დიიდი სათვალით,
ფრჩხილებზე გადაქერცლილი ლურჯი ლაქით, ''კევის'' ღეჭვით, ალბათ ნამდვილ
გარყვნილ ქალს დავემსგავსები, თუმცა მისი შვილის თვალში სულა არა,
ისეთი სახე აქვს რომ ალბათ იმის წარმოდგენაც კი უჭირს რომ მაკოცოს.
ბოლოსდაბოლოს ისევ მე მომიწევს ალბათ თქმა : ლუდი გამიხსენი თუ
შეიძლება... ამერიკის სუნი ასდის ამ ყველაფერს და 27-30 წლის სუნი კიდევ.
დასწყევლოს ყველა შეშლილი დედაბერი.
მაპატიე მე არ მიყვარს მოლოცვები, თანაც შენ მიმართ სიყვარული
განელდა და გაცივდა როგორც ერთი საათის წინ მოხარშული კარტოფილის პიურე.
ვერ ვიტან რომ მეხებიან ნებართვის გარეშე!

Monday, April 18, 2011

მწვანე ფორთოხლების ტყვეობაში ერთად გვეძინა


მატილდა კოსტა შავი კაბების შრიალით იწყებდა დილას,
გაწმენდდა სარკეს თეთრი ტილოთი, ისევე როგორც შეამშრალებდა
თავის სველ სახეს. გაუყვებოდა ბნელი სახლის ვიწრო დერეფანს
ხის სავარძლიდან ხის კარებამდე ხის სავარცხლით თმადავარცხნილი
გაარღვევდა ჭაoბისფერ ფარდათა რიგებს კარზე კაკუნის ხმას რომ
უნდობლადა და უშედეგოდ ახშობდნენ თითქოს.
მიაცილებდნენ უცვლელი მზერით სიძველისაგან გაყვითლებული
სურათებითგან მაცქერალნი მიცრეცილი შავი თვალები,
ოდესღაც ქმრისა, თუ მამისა, თუ ძმისა, თუ დიდი ბაბუის, აწ უკვე
ბუნდოვანი, მკრთალი ლანდები შორეულ დროთა, გამოკეტილნი
ოთხკუთხედში ხის ჩარჩოებით, უგრძნობი და უქონელნი,
რომ აღარ შერჩათ არავითარი ძალა-სახსარი გამოესყიდათ
თავისუფლება ხარკის გადახდით.

ხელისგულები თხილის გულივით თეთრი ჰქონდა.
კურდღლის ქათქათა რბილი ბეწვებით შეემოსა მკლავები.
ღამის 2 საათზე ჭრიალით გაიღო მაცივრის კარები. უცებ ახმაურდა ტელევიზორი.
მწვანე ჭიები დასეოდნენ წითელი ძროხის ფილტვს, მაცივრის კარი ისევ მიიხურა
და შუქებიც ალბათ ჩაქრა შიგნით(?)
ორივე გვამი აქვე მდებარე ბაღის პატრონმა აღმოაჩინა.
მოხუცი ქალბატონი მარტო ცხოვრობს ბაღის სიახლოვეს, ამბობს რომ უცნაური არაფერი
შეუნიშნავს.
თეთრი თმა ლურჯი პრიალა ნაჭრის ქვეშ იყო დატკეპნილი.
ერთი მონადირე დადის ხოლმე ხანდახან ჩიტებს იჭერს, მიჰყავს, მერე ისევ მოჰყავს და უშვებს.

კლუ მოვიდა ჩეთან, მოდი ჩემო კლუ, მოდი გადაგეხვიო.
შეგიძლია თმა დამიწნა, ქუდი დამახურე და წამოგყვები მერე,
ამოვთხაროთ, ხის ფესვებიც ამოვგლიჯოთ, ვიპოვით მაგ მოკრუნჩხულ დედაბერს
რომელ ხვრელშიც არ უნდა დამალულიყო. სანთლები არ დაგავიწყდეს.

ხოოო..... ყოველთვის მეზიზღებოდა. ხოოო..... ერთად გვეძინა......


მწვანე ფორთოხლების ტყვეობაში.
უზარმაზარი ობობა იყო სურათზე გამოსახული, გამიკვირდა როგორ
დაჭრა და ქვაბში როგორ ჩატია. შავი ფეხები წრიულად ტრიალებდნენ,
დინჯად და რიტმულად ურევდა, მინდოდა მეკითხა მისთვის, მაგრამ
ვერ გავბედე ან ვარჩიე ეს პროცესი არ დამერღვია. ლუის დრუნჩს მოვეფერე და
მზეზე აპრიალებულ დანას მივაშტერდი. კარგია რომ სუნს ვეღარ ვგრძნობ.

ხოო .... მუცელზე მეფერებოდა, არა კი არ მეფერებოდა მეხვეოდა...

Thursday, April 7, 2011

მატილდას მოლოდინში

Anghel Andreea - Alba Iulia

რატომ არ მაქვს უფლება უარი ვთქვა იმაზე ''რეალობას'' რომ ეძახიან
და გადავსახლდე სიზმრებისა და ილუზიების სამყაროში, სადაც მე,
მე ვიქნები მხოლოდ მმართველი და გემრიელად ჩავიტკბარუნებ პირს
ჩემივე შეკვეთილი მოულოდნელი, ციმციმა და მოცაცახცახე პროცესების
დროს ასრულებული სურვილებით.
არის თუ არა შესაძლებელი რეალობა გაშლამებული ფრაზებითა და
ოთხკუთხედი სიტყვების დანაკუწება აწყობით აღვწეროთ?
თავშიც გიხლია ეგ შენი რეალობა, მე ტანში მბურძგლავს და სულ არაფერი
მადარდებს რომ მოხდება და ყოველთვის შემიძლია ურცხვად მოვიტყუო.
შემიძლია მეთქი, შემიძლია.
ასევე თამამადა და გაბედულად შემიძლია თავი ვიმართლო რომ
ცინიკოსად ''მაქციეს'', თუმცა იქნებ ის უფრო შეეფერებოდეს ჭეშმარიტებას
რომ ბუნებით ვარ ცინიკოსი, თავმოყვარე, ეგოისტი და გარყვნილი .
არ ვიცი... სამაგიეროდ თამამად ჩაგეხუტები როგორც საყვარელ
ფუღურო ხის მოხუც კანს და შენგან მოვითხოვ უთვალავ სითბოს.
კიდევ რა მინდა იცით? ამის მკითხველებს რომ ლოყები დავკოცნო.
მიყვარს ლოყებზე კოცნა და ნუ იქნებით ასეთი მკაცრები რომ
დამიშალოთ.
ათასჯერ და ათასმეერთეჯერ მინდა გაგიღიმოთ, მინდა დაგაჯეროთ.
ჩემს უხილავ სახლში მინდა შეგიტყუოთ უხილავი კარებით და ნუ
გაბუტავთ წყენისაგან ტუჩებს როცა ხაფანგში აღმოჩნდებით და
მოგიწევთ დამალობანას თამაში ფარდების რიგში მოკუნტულ სკივრებში
თავის ჩაყოფით.
თავს ნუ შეირცხვენთ გაურკვეველი ტკბილულების არ მოპარვით კიბეების
ქვეშ და ჭერზე მიმალულ თაროებში დამალული აბლაბუდაში გახვეული
უცნაური ნივთების არნახვით, დამიჯერეთ თქვენის მხრივ ეს მტკნარი
და ფუჭად განხორციელებული სისულელე იქნება. ნუ დავიტანჯავთ
თავებს ასე, შევეშვათ ამ გამრუდებულ მაზოხისტობას.
ნუ მოტყუვდებით, ნუ დაიწყებთ გენიალურის ძებნას რაღაც ბოდვაში.
მწვანე თხილების ხის ტოტებზე თუ არ გიქანავიათ ბავშვობაში
ან თუთის ხეზე მაღლა ასულს ჩამოსვლისა არ შეგშინებიათ,
ჯონჯოლის მძივები თუ არ აგისხამთ და ლოკოკინა არ გიგროვებიათ,
ბაყაყი თუ ვერ განგისხვავებიათ გომბეშოსაგან ეს არ ნიშნავს რომ
მე უფლება მაქვს თქვენ მოგატყუოთ.
ვიკრავდი თმას ცისფერი ბანტებით და გულწრფელად
განვიცდიდი ''ჩიტო გოგიას'' გულისტკივილს.
სულ მალე ძალიან უცნაური ამბები უნდა მოგიყვეთ,
გთხოვთ გაგებით მოეკიდოთამ ამბავს და ნუ მიმატოვებთ,
სულაც არ მხიბლავს დათვებთან ერთად ხეებზე ცოცვა
და დედა ფუტკრების თაფლის მოპარვა, ასე რომ ინებეთ კეთილი,
მოიხადეთ ქუდები და თავს უფლება მიეცით მასთან მიახლოების.
ვუთხრათ არა მანიაკალურ მოჩვენებებს და გავიცინოთ.
გთხოვთ შეემზადოთ, რთულია მასთან უეცრად შეჯახება.
სულ დროებით გემშვიდობებით ლოყებზე კოცნით.