Friday, March 16, 2012

ნიმფეტი და ჰუმბერტები. ჩვეულებრივი ამბავი.

თავი I
ბავშვობა


მე დოლორესი მქვია ოფიციალურად. საერთოდ კი ცხოვრებაში ბევრ
სხვადასხვა სახელს მეძახდნენ : დოლის, ლოლის, გლორიას, გვირილას
და კიდევ სხვებსაც. მე ხომ რამდენჯერმე მქონდა ყალბი საბუთებიც.
სხვათა სახელებსაც კი მე მეძახდნენ სხვათა ქალაქებში.

როგორც დედაჩემი ამბობდა სახლში იმშობიარა და ის ზანგი ბებიაქალიც
თვითონ არ მოუხმია დასახმარებლად და სრულიადაც ზედმეტი იყო.
რაც თავი მახსოვს დედა სულ შერის და ყავის კოქტეილს აკეთებდა ყვავილებიანი
ხალათითითა და თმაზე ვარდისფერი ბიგუდებით შემოსილი და ამბობდა
რომ ეს მისი ხველებისათვის საუკეთესო წამალი იყო. უკეთესს თავად დოქტორი
ჯაკობსიც კი ვერ ურჩევდა. არ ვიცი რამდენად შველოდა ეს წამალი დედას,
მე ვფიქრობდი რომ არა, ალბათ იმიტომ რომ მისი მარჯვენა
ხელის ლურჯმანიკურიან თითებს შორის მოქცეული სიგარეტის რუხი დაბოლოება
თავს ვეღარ იკავებდა და დედას შეუმჩნევლად ვარდებოდა ჯადოსნურ ექსტრაქტში.
მამა არასოდეს მინახავს, დედას არ უყვარდა მასზე ლაპარაკი, მხოლოდ ის ვიცოდი
რომ მეხანძრე იყო და უბედური შემთხვევის დროს გარდაიცვალა. კერეტის ეძახდნენ
და კარგი კაცი იყო(ამას მეზობელი მოხუცი სუზი ამბობდა).

დედას ბევრი საყვარლები არ ყოლია, ის ყოველთვის ამბობდა რომ
იაფფასიან ღორებს თავი არ უნდა გაუყადრო და მხოლოდ ღირსეულ
ჯენტლმენებთან უნდა დაიჭირო საქმე. ღირსეული ჯენტლმენები კი არც ისე
ბევრი იყო ალბათ. მათ შავი პრიალა ფეხსაცმელები ეცვათ და შარვალ კოსტუმში
იყვნენ გამოწყობილები. შოკოლადი და შამპანიური მოჰქონდათ როცა ჩვენთან
ვახშმობდნენ. გოლფის სათამაშოდ პატიჯებდნენ დედას და ხან დოღზე, სადაც
როგორც ამბობდნენ თავიანთ ნახევარ ქონებას ფლანგავდნენ, მაგრამ მაინც არ
ენანებოდათ. ერთ დროს ჩვენთან არაჯენტლმენი კაციც მოდიოდა ხოლმე, მას
ჩემთვის საბავშვო ლამაზი წიგნები მოჰქონდა, დედასთვის კი არაფერი.
ყოველთვის დინჯი იყო და სათვალიანი. მერე გავიგე რომ ბიბლიოთეკის
დირექტორი ყოფილა. ისიც გავიგე რომ რობერტი ბიძაჩემი ყოფილა, ამან
დააკმაყოფილა ჩემი ცნობისმოყვარე კითხვები რომლებიც მოსვენებას არ მაძლევდა.

ჩემს მეზობლად ბავშვები არ ცხოვრობდნენ, სკოლაშიც არავისთან
მქონია გულითადი მეგობრობა ამიტომ ყოველთვის მარტოდ ვგრძნობდი
თავს, განსაკუთრებით მაშინ როცა დედა სასეირნოდ მიდიოდა ან გოლფის
სათამაშოდ, კინოში და რესტორნებშიც დადიოდა ხანდახან. ამ დროს ან
ტელევიზორის ყურებით ვირთობდი თავს( ჯეკ ოურენის შოუს არასდროს
ვტოვებდი), ხან დედას ჟურნალების თვალიერებით(აბა ძია რობერტის
მოტანილი საბავშვო წიგნები უკვე აღარ იყო ჩემთვის შესაფერისი) და
ხან მისი კაბების ჩაცმით. ან მოხუც სუზის ვეწვეოდი ხოლმე სტუმრად,
მასთან საუბარი არც ისე მოსაბეზრებელი იყო, თუმცა ხშირად ერთიდაიგივე
ამბებს იმეორებდა, მაგრამ რაც მთავრი იყო იგი ჩემთვის აკრძალულ ყავას
მალევინებდა, რომელსაც ვაშლის პეროგს ვატანდით და მე თავი ნამდვილ
დიდ ქალბატონად წარმომედგინა. საოჯახო ალბომს სუზი თითქმის ყოველ
სტუმრობაზე მათვალიერებინებდა, ამიტომ მისი მთელი ნათესაობის სახელები,
პროფესიები და ცხოვრებისეული ამბებიც კი ზეპირად ვიცოდი.

ძია რობერტს ჩემს მეთერთმეტე დაბადების დღეზე რომ მოდიოდა დიდი ცისფერი
სატვირთო მანქანა დაეჯახა, ეს ის მანქანა იყო, რომლითაც ყოველ კვირას
მოჰქონდათ ნაკელი ჩვენს სახლთან ახლოს მდებარე ფერმაში. როგორც
უბნის ინსპექტორი იძახდა სქელყდიანი წიგნები ეჭირა ხელში ძია რობერტს,
იისფერი ლენტით გაფორმებული. ამ სამწუხარო ამბის შემდეგ ჩემს ფერად
ბიბლიოთეკას წიგნები აღარ შემატებია და სიმართლე გითხრათ ეს ამბავი
დიდად არც არასდროს მაღელვებდა, რადგან ყოველთვის ვფიქრობდი რომ
ცხოვრებაში უფრო საინტერესო რაღაცეების გაკეთება შეიძლებოდა ვიდრე
პინოქიოს თავგადასავლის კითხვა. დედაც კი იმას ამბობდა, რომ სულ
ტყუილი და ზღაპრებია რასაც ამ წიგნებში წერენ და ცხოვრებაში ასე არ
ხდება. სიყვარული, ჰმ... ასე უკმაყოფილო ტონით ამთავრებდა თავის
არგუმენტირებულ კრიტიკას წიგნებისა თუ მათი ავტორების მიმართ.
ძია რობერტი პირველი მკვდარი იყო, მათ შორის ვინც კი მინახავს. მაშინ
დავრწმუნდი რო სიკვდილი მართლა არსებობდა, მაგრამ ადამიანი კი არ
ქრებოდა სიკვდილის შემდეგ, იგი შეშდებოდა მუქ ფერს იღებდა და ტუჩებიც
ულურჯდებოდა. სხვები ამბობდნენ რო მიცვალებული ცივდება კიდეც,
მაგრამ მე ხელით არ შევხებივარ, ვიფიქრე რომ საჭირო არ იყო ეჭვი შემეტანა.

12 წლის რომ გავხდი, როგორც უკვე მოზრდილმა ქვედა სართულიდან
ზემოთ გადავინაცვლე. ამან სტიმული მომცა თავი დიდად მიმეჩნია
და ბავშვურ წეს-ჩვეულებებთან გამომშვიდობება მეჩქარა.
სინამდვილეში ყველაფერი ერთ დღეში მოვიშორე თავიდან. სათამაშოები
ორ დიდ ყუთში ჩავყარე და სხვენში ავიტანე, დედა კი მეუბნებოდა მეზობლის
პატარა ბავშვებს ვაჩუქოთო, მაგრამ მე ჩავთვალე რომ ჩემი წარსული ჩემს
წარსულად უნდა დარჩენილიყო, თანაც არ მიყვარდა პატარა მჩხავანა ბავშვები.
ასანთის კოლოფების კოლექცია და კანფეტების ფერადი ქაღალდები ეზოში
დავწვით. იმ საღამოს პირველად დავლიე ლუდი. სასიამოვნო თავბრუსხვევისა
და სიმხიარულის ეფექტი ჰქონდა. დედას დაქალმა მოდურ ტანსაცმლის მაღაზიაში
რომ მუშაობდა და წვრილ სიგარას ეწეოდა ლიფი მაჩუქა. ლიფი ლამაზი იყო,
მაგრამ მხოლოდ 1 წლის მერე დავიწყე მისი გამოყენება.

ამ მშვენიერი საღამოს შემდეგ დარწმუნებული ვიყავი რომ ახალი ცხოვრება დაიწყებოდა,მე ხომ უკვე თორმეტის ვიყავი, ლიფიც მქონდა და მარტო ვცხოვრობდი ზედა სართულზე.