Tuesday, July 12, 2011

როცა შავი ისარი იისფერ ზონას უახლოვდება ანუ წინ ბევრი ყვითელი საღამოა


''მთავარი დარბაზის კარები იმსიმაღლე იყო და იმსისქე ჩანდა
ეჭვის თვალით შევხედე ორ ზანგ კარისკაცს გულმკერდზე ოქროსფერად
მოქარგული უცნაური ტანსაცმელი რომ შემოტმასნოდათ. მთელი დერეფანი
სიბნელეს მოეცვა, კარებთან დაკიდებული ორი უშველებელი ჩირაღდანი
სახეს რომ მინათებდნენ ყვითლად, აშკარად არ იყო საკმარისი ამ წყვდიადის
გასანათებლად.''


თველები მეტკინა წიგნი უკუღმა გადავდე დაუხურავად იატაკზე.


შავი ობობები მიცოცავენ ხეებზე, ჩემი ბუღალტერი ჩემს შავ საწერ
მაგიდასთან მოკალათებულა და გამწარებული ჩასცქერის ქაღალდებს.
- პროფესორო თხისთავავ! გაიღიმეთ ჩიტი გამოფრინდება!
მისის დიდდრუნჩა ელინიორის ფუშფუშა სამზარეულოდან შემოპარულმა
თევზის დამწვარი ქონის სუნმა აავსო ოთახში არსებული უჟანგბადო სივრცე
და ცხვირზე ხელი მატაცებინა...
ასე ხელაფარებული შეუდგა მატილდა სასწრაფოდ - მოკლე გეტრების ძებნას,
ასკინკილით ამოიცვა პატარა ფეხებზე და ეხლა სავარძელზე მიგდებულ ჯინსის
კომბინიზონს დასწვდა. ელვის სისწრაფით გაუყარა ფეხები, ხელებით ჯიბეებში
დაჭმუჭნული ქაღალდის ფული მოსინჯა და თმის ვარცხნით კარებისaკენ გაეშურა.
- დალახვროს ეშმამ, სანამ დავბრუნებულვარ მოსწყდით თავიდან აქაურობას!
წარბისაწევით მიაძახა თხისთავას და სავარცხელი ესროლა. მეტი
დამაჯერებლობისათვის რათქმაუნდა, თხის თავის გატეხვა სულაც არ ჰქონია
განზრახვაში და ამას არც დაუშვებდა.
ლურჯი მაჯის საათი შემოიტრიალა ხელზე, შავი ისარი იისფერ
ზონას მიახლოებოდა. ყვითელი საღამოების დროა...
დღეს შაბათია,
განრიგის მიხედვით მწვანე ტბასთან ჩამოჯდომის, შაქარყინულების
წოწვნის, ადამიანებსა და ამა სამყაროზე დაკვირვების, კომბინიზონის
ღილების წვალების და რა თქმა უნდა მის სიყვარულზე ფიქრის საათი.
ბალახებში ჩაჯდომის, მუხლების მოკეცვის, ხელების მუხლებზე მოხვევის,
თავის მუხლებში ჩარგვის, სახის მოღუშვის, თვალების გაშტერებისა და მერე
წამწამების ფახურის დროა. ეს ის პერიოდია როცა გული ნელ-ნელა იწყებს
შეკუმშვას - შეკუმშული იჩხვლიტება და ისევ ნელ-ნელა იწყებს გაშლას.
მატის ლოყები უწითლდება, გონებაში უკვე მერამდენედ გააცოცხლებს
მეათასჯერ გადასხვაფერებულ თავბრუსდამხვევ სურათებს ერთი ოცნებისა
და არასრულებულასრულებადი სურვილების ტკივილისაგან დახვეული
გორგალი ებჯინება ყელში.

No comments:

Post a Comment