Sunday, June 19, 2011

ო დროო დროო მზისფერ თვალებს ანათებ ქალაქს და გავუყვებით უცნობ ქვაფენილს თეთრი ბაფთებით

წითელი ვარდები... გუშინწინდელებია და თითქოს ოდნავ
თავი ჩაუქინდრავთ, მხოლოდ ერთი მიყურებს ამაყად.
თუმცა თავი დავანებოთ მათ, ისინი ხომ რა თქმა უნდა მე
არ მეკუთვნის, თუმცა ამგვარ სიტუაციაში სიამოვნებით
ვეტყოდი ორგანიზატორს : ტ.... გაიკეთე! არა ასე ალბათ არა,
ასე: როგორ ბედავ?!
ხოომ, მე ნამდვილად არ მიყვარს უცნობი თაყვანისმცემლები,
ისეთები წარმოდგენაც რომ არა აქვთ შენზე და სიყვარულს გიხსნიან.
მაგრამ არ მესმის ამაზე რატომ ვყბედობ, ნუთუ სხვა არაფერი გაქვს
ძვირფასო სათქმელი?
- დამარტყი თუ ეგრე ძალიან გინდა!
ხელებს მოვიხვევ მუხლებზე და გავირინდები ბურუსში
მერე მოვა ჩემი ფისოც, კუდს გამისმევს ნიკაპზე. მე კი
მაინც არ გავინძრევი. თვალები ღია მექნება, მაგრამ გაშეშებული.
პოსტი დამიძველდა, ამას ხომ გუშინ ვწერდი.


კლონგლოუზის გაყინულ კუნძულებს რომ მივაღწიეთ
თმები უკვე წელამდე გამზრდოდა სერენდონის ჰავის
წყალობით, ახლა კი ისე უცებ დამიარა სიცივემ სხეულში
თითქოს ცივი წყლით სავსე აბაზანაში ჩავწექი. საჭმელი,
როგორ მშიოდა, მაგრამ ჩემს შესაგებებლად არავის შეუწუხებია
თავი როგორც ჩანს, უცებ სიბრაზემ შემიპყრო, - ზებულოონ!
იგი უცებ მოვიდა, მშვიდი სახე ჰქონდა როგორც ყოველთვის
და მორჩილად მიყურებდა, მაგრამ მის თვალებში თითქოს
ყოველთვის ვამჩნევდი რომ თავი ჩემზე ჭკვიანი ეგონა ან
ჩემზე ძლიერი, არადა ჩემი გამოწვევები მას არცერთ ტურნირზე
არ მიუღია. ვერ ვიტანდი ასე რომ მიყურებდა და ვცდილობდი
ყოველთვის მკაცრი ვყოფილიყავი მასთან. არა რაღა მაინცდამაინც
ეს სიტყვაძუნწი მომიჩინეს მცველად, ერთი წელია სულ ჩემთანაა
მაგრამ მასზე თითქმის არაფერი არ ვიცი. ნეტა რამდენი წლისაა
ან ბრძოლა როდის ისწავლა? მმ. ადრე თუ გვიან აუცილებლად ვასწავლი
ჭკუას. - ახლავე გაგზავნეთ რამდენიმე კაცი კურონის სასახლეში
და გადაეცით ჩემს დასახვედრად მოემზადნონ. შენ კი იქნებ რამე
თბილი ტანსაცმელი მომიძებნო, სულაც არ მინდა შემცივდეს.



*******

სამანდამ ნელა მოწრუპა ყავა, ჭიქას მოაშორა ტუჩები,
რომელსაც წითელი ლაქა გაუჩნდა მის კვალზე და ახლა
სიგარეტი მოქაჩა ნებიერად. - ასეა ძვირფასო, დროა
შამპანურის აბაზანები მივიღოთ. გვერდულად გაიღიმა, ერთი
ფეხი მეორედან გადმოიღო და მკვირცხლად წამოხტა.
- გახსოვს საიდან დავიწყეთ? ახლა ყველაფერი გვაქვს.
'' ო დროო დროო მზისფერ თვალებს ანათებ ქალაქს
და გავუყვებით უცნობ ქვაფენილს თეთრი ბაფთებით''
წაიმღერა მან. მის ფრჩხილებზე ვარსკვლავები ბრჭყვიალებდნენ.
ოჰ ამერიკის მზეო გამათბე გამათბე მე უცხო არ ვარ.
კვერცხი ნელა გავხვრიტე და აივანზე გავედი, სამანდა ტელეფონზე
ლაპარაკით ცნობისმოყვარედ გამომყვა უკან. ძირს ჩავიხედე და მერე
გაღიმებულმა შევხედე მას, მან გამაფრთხილებელი სახე მიიღო,
თუმცა მისი ხმა ისევ ფისოსავით კნაოდა : დიახ მისტერ რეტფორდ...
მე უხმო მიმიკით გამოვაჯავრე მას, მერე გავიკრიჭე და რამდენიმე
წამში მისტერ დუნოვანის მელოტ და გარუჯულ თავზე ყვითელი
სითხე ალიპლიპდა. სანამ იგი ფრანგულად მლანძგავდა და მე ენაგამოყოფილი
ვეჯღანებოდი სამანდამ კომბინიზონში ჩამავლო ხელი და სახლში ძალით
შემათრია. ჩემს საქანელა სავარძელში ჩავხტი კმაყოფილი და გაღიმებული.
სამანდამ ყურმილი დაკიდა და ტუჩებმოკუმული სახით მომაჩერდა.
- ახლა შეგვიძლია შოკმანჟეები გავაკეთოთ და კრის კერეტი და მისი
ზორბა ძმა შენთვის - დავპატიჟოთ, მერე კი ლუდის ქილას ვესვრი
დუნოვანის კრიალასა და მრგვალს. არ გეწყინოს მაგრამ შენი ვილი
მართლაც ზორბა ვინმეა, კრისიც ვერაა დიდი ჭკუისკოლოფი, მაგრამ
მე მოვიფიქრე როგორ შეიძლება მისით გავერთო.

No comments:

Post a Comment