Saturday, April 21, 2012

ნიმფეტი და ჰუმბერტები. ჩვეულებრივი ამბავი

თავი 2 ბლატონა, რებეკა, ოზი. აღმოჩენები
იცით მართალია გავიზარდე (უკვე 12 -ის გავხდი) მაგრამ ცხოვრებას ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი… და ან მერე რა როუზიც კი იმას ეუბნებოდა ეშლის მოიხსენი ვარდისფერი სათვალეო, ეშლი კი სულ ცოტა 5 წლით იყო ჩემზე უფროსი(თქვენ რა ამ სერიალისთვის არ გიყურებიათ?). სათვალის მიუხედავად სხვა ფერებსაც კარგად ვარჩევდი, მხოლოდ ფერებს კი არა ახალ სუნებს, უცხო შეგრძნებებს და მოულოდნელ, აუხსნელ მოვლენებსაც ვამჩნევდი,ან კი როგორ შეიძლებოდა არ შემემჩნია როცა ისინი ყოველი ფეხის ნაბიჯზე მეჩეხებოდნენ,მახსენებდნენ რომ დიდი ვარ, თავისუფლად კი არა უკვე ბორძიკითა და შესვენებებით,ფრთხილად უნდა ვიარო გზაზე. ხო, დიდობა არც ისეთი მარტივი ყოფილა როგორც წარმომედგინა,იგი მხოლოდ ყავის სმით, ალკოჰოლიანი სასმელების წრუპვით, სიგარეტის გაბოლებით, მაკიაჟით,წვეულებებზე სიარულითა და ბიჭებთან ხელი-ხელ ჩაკიდებული სიარულით არ ამოიწურებოდა და ხანდახან ნაკლებად სასიამოვნო, უსიამოვნო ან სულაც მტკივნეულ სიურპრიზებსაც მოიცავდა.მარტივად რომ ვთქვა ის ისეთივე იყო, როგორც ჰარი პოტერში ”ყველანაიარი გემოს კანფეტები”,ზოგჯერ შოკოლადის გემოთი შეგხვდება, ზოგჯერ ნაყინის, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა იყო რომ სნიკერსის ნაცვლად პირში წვინტლის გემო შეიგრძნო.ისიც მართალია რომ ზოგჯერ იგი სულაც უგემურია (არ თქვათ რომ ჰარი პოტერიც არ გიყურებიათ, ეს უკვე მეტისმეტია). ამ ყველაფრის მიუხედავად დიდური ცხოვრება მშვენიერი იყო. ჩემი დაბადების დღიდან ერთი კვირის შემდეგ მე გავიცანი ბლატონა, იგი ჩვენს მეზობლად გადმოვიდა საცხოვრებლად მამასთან ერთად. ბლატონა და მამამისი საბერძნეთიდან იყვნენ. თავიდან არ დავიჯერე, როცა მითხრეს რომ ცირკის მსახიობები იყვნენ, მაგრამ ერთ კვირა დღეს თავად დამპატიჯეს და მე საკუთარი თვალით დავრწმუნდი ყველაფერში. ბლატონას შავი დიდი თვალები ჰქონდა, იმფერივე გრძელი ტალღოვანი თმა,რომელზეც ყოველთვის ეკეთა ცისფერი ბანტი და ღიმილიანი სახე, რომლის წყალობითაც გულგრილს არავის ტოვებდა და ყველას კეთილგანწყობას იწვევდა. მე ვგიჟდებოდი მასზე. ის ჩემი პირველი მეგობარი იყო. ჩვენ ერთად დავდიოდით ტბაზე, ვაწყობდით პიკნიკებს, ვწნავდით გვირილებს, ვიცმევდით ერთნაირ ტანსაცმელს და ჩვენი საიდუმლო ენაც კი გვქონდა. მან რამდენიმე მარტივი ფოკუსი მასწავლა(ერთის გაკეთება ახლაც შემიძლია). მამამისი კარგი კაცი იყო, მას შეეძლო ერთდროულად რამოდენიმე ინსტრუმენტზე დაეკრა და სხვათაშორის მიზანშიც შესანიშნავად ისროდა. მე და ბლატონა წამოვწვებოდით მის ოთახში გაფენილ თეთრი დათვის ტყავზე და პედიკურს ვუკეთებდით ერთმანეთს. ბლატონა ყვებოდა ხოლმე ისტორიას, თეთრ დათვებზე სადღაც გრელანდიაში თუ ანტრაქტიდაზე რომ ცხოვრობდნენ(იქ ყინავდა,მაგრამ მათ არ სციოდათ). ეს ყველაფერი ალბათ თვითონ გამოიგონა ან საბერძნეთში ამ ისტორიით ისევე ატყუებდნენ ბავშვებს როგორც ჩვენთან სანტა კლაუსით. თუმცა ვფიქრობდი რომ იგი იმდენად გატაცებით და დაჯერებით ჰყვებოდა ამ ყველაფერს, რომ არ ღირდა მისთვის ის სიმართლე მიმეხალა პირში მე რომ უკვე ფართოდ თვალგახელილმა დავინახე. ყველაფერი იმდენად იდეალურად მიდიოდა რა ვიცოდი წინ რა კატასტროფა მელოდა.იგი აისბერგივით უახლოვდებოდა ჩემი ბედნიერების ტიტანიკს და ვარდისფერ სათვალეს გაყინულ ფსკერზე სამუდამოდ ჩაძირვას უქადდა(ტიტანიკი ხომ გაქვთ არა ნანახი, ქერათმიანი ბიჭი რო თამაშობს, ხო ეგ არის ზღვაში რო იფურთხებიან).

No comments:

Post a Comment