Thursday, February 9, 2012

მე ვარ Übermensch !

ხის კარმა გაიჭრიალა, გაიღო და თებერვლის დილის მარილიანი მზის
შუქმა გაანათა ბნელ მაღალჭერიან ოთხსავე კედელს მოქცეული
ავლა დიდება ჩვენი სახლისა, მოჰფინა ოქროსფერი შუქი შუაში
მოსალოდნელი საფრთხის მაუწყებელი მაჯლაჯუნასავით რომ
გადმოსწოლილიყო მაქქვინის ჩრდილი.იყო კი იგი აჩრდილი მამისა ?
მთელი სინათლის გადაფარვა თუ ეწადა, უჩვეულო იყო, ამბიციური,
არ ირეკლავდა ფერს კანისას მისი მფლობელის. ისევ ჭრიალით მიხურა კარი.
მელვინმა მკვირცხლად წამოყო თავი, დაუზარებლად გაიზმორა და უკვე
გაჭიმული ხელებით ღონიერად დაბერტყა ოდესღაც თეთრი პერანგი ღამის.
სინათლის სხივში მტვრის უამრავი წერტილი დატრიალდა. უკვე გარდასულ
სიზმართა მელანქოლია.
- ადრე გაგიღვიძია მაქქვინ, როგორც ყოველთვის, დილის შავო მაცნევ
ენდი სადღაა ალბათ წვერს იპარსს ან მანიკურით იქნება დაკავებული,
შეჩვენებული თავისი ლონდონური ჩვევებით. მოდი ჩამოჯექ რას
დამდგარხარ, მალე გავხდებით ისევე სამნი და აღვადგინოთ მივიწყებული
ჩვენ მეგობრობა.
წყალი შეისხა სახეზე და დაქნეული ხელებიდან ისროლა
პატარა წუწები წყლისა. ორივე მაგიდას მიუსხდნენ და ენდიც
შემოვიდა გვერდითა ოთახიდან. ფერმკრთალი ინგლისური სახე
ჭროღა თვალებით და მოწითურო თმით.
- მშვენიერი დილაა ბატონებო მადლობა უფალს, როგორ გიკითხოთ?
- ვისა ? სკამი მაგიდას მიუჩოჩა მელვინმა. ხო რათქმაუნდა.
რა გვიჭირს ვცოცხლობთ, სანამ ვიცოცხლებთ.
აბა რას გვეტყვი ახალს მაქქვინ თუ შეგცვალა რამით ბიცოლა მერი ენთან
გატარებულმა არდადეგებმა. ხალისით ახსავსე მიაჩერდა მაქქვინს
და თან კარაქის მსუქანი ნაჭერი დაადო თეთრ ინგლისურ პურს.

- თქვენ ისევ ისეთი მკრეხელი ხუმარა ბრძანდებით მელვილ აბა რა გითხრათ
აი მე კი სხვა ვარ ახლა და მაინც კი იგივე ვარ.

თბილი რძის სუნი წამოიყოლა. ხაოკიან მსხვილ თითებს მიჩვეული
მსუქანი ყავისფერი ჯიქნის მადლი. ჯიქანს მიჩვეული თითები.
ცხოვრებისეული საჭირო მეგობრები. მწვანე ქაფიანი ბალახი.
ოხშივარავარდნილი საპნიანი, ნაცრისფერი წყალი. თუჯის თასში მოჭყაპუნე.
ფხვიერი, ნესტიანი, ნაყოფიერი მიწა, საკვებთა ფესვებით სავსე და წინაპართა
ძვალთაგან თავისუფალი. უმანკო მიწა. ღონიერ, მშრომელ ფეხთა საყრდენი.

თაფლს გეახლებით,ვიმედოვნებ ეს ენდის დაყენებული ჩაია და არა თქვენი
მოხარშული გუბე. ცოდვილი ხართ თქვენი ხელიდან რა გამოვა კი გემრიელი.
ჭაობში ცხოვრობთ.

ჰიჰი, ჩაიხითხითა მელვილმა და კმაყოფილებით მოჭუტა თვალები.
გამომშვიდობებისას გლოცავდნენ მისი ძუძუნი.

დამჭკნარი ბებერი ძუძუსთავები.

უბერავდა ქარი ძველი ძველი ზღვიდან, აშრიალებდა
ცისფერს, ფარდებს სარკმლისას უცხოს
იყურებოდა ქალი, ქალი სავარცხლით ხელში
მოწყენილობას მგვრიდა თეთრი ხელებით თმებში

ეხეთქებოდა ტალღა სადღაც ჭუჭყიან ნაპირს
აღარსად იყო ქალი, თითქოს სიზმარი იყო
უკან წაიღო სითბო იმ ნათესავმა ქარის
და ისევ დავრჩით მარტო, ისევ ზამთარი იყო.

- გარწმუნებთ ჩაით კმაყოფილი დარჩებით, დედაჩემმა გამომიგზავნა
გასულ კვირას. მოხუცი ფრედი რომ დავასაფლავეთ. საწყალი.

- ლონდონის უმაღლესი საზოგადოების ლოცვა კურთხევასაც თან
დააყოლებდა, თუ პარიზში დასეირნობს ლამაზი ლამაზთა შორის?
ფრანგულ სუნამოთა გამაბრუებელ რიგებში, მოდურ მაღაზიებში
მოსიარულე მდიდრების სავანე.პარიზი, ერთადერთი ადგილი რომელსაც
ბოროტტათვის, კეთილთათვის, მდიდართა თუ ღარიბისთვის, მცოდნეთა
თუ უბირთათვის, სიმდიდრის მაძიებელთა თუ მფლანგველთათვის
ეთქმის სამოთხე. გავიშვიროთ ორთავე ხელი და მოწყალება ვითხოვოთ
თავდაკვრით. მოგვცემენ. ითხოვე და მოგეცემაო.

სუფთა , მოვლილი თითები მიწვდა ვერცხლისფრად მოკიაფე ჩაიდანს
და სამივეს ფინჯანი სურნელოვანი ღია ყვითელი სითხით აავსო.

ორთქლი შეერია მძიმე ბნელ ჰაერს. დაორთქლილი ცხვირები.
ლურჯნაცრისფერი ტუჩებით მარადისობის გამძლე ნიშანით, მშვიდი
სიამოვნებით შეხვრიპა ჩაი. მისი წინაპრები მონადირენი იყვნენ.
იგი კი არ ჭამდა ცხოველთა ხორცს. რომ შეემსუბუქებინა სული,
დამძიმებული მათ ცოდვათაგან.
-დღეს ნაადრევად უნდა დაგემშვიდობოთ მეგობრებო ანტონია მელოდება.
- უცნაური ქალბატონია თქვენი საცოლე ენდი, სულ იღიმის და ისე
საუბრობს ეშმაკიც კი ვერ გაარკვევს რა უდევს გულში. ამბობდა რომ
ვერ იტანს მამას. იუმორში კი კარგად ვეწყობით ერთმანეთს ცოტა
უსიამოვნოდ რომ არ მჭრიდეს ყურს მისი კისკისი. ხანაც კი ისეთი
მზერა აქვს იმ ყველაზე ქალურ არსებას რომ მგონია მე კი არა იგია კაცი.
მგონი ყველანი დავნაყრდით არა ? ახლა კი გავეშუროთ, გავეშუროთ
მეგობრებო სადაც გველიან.გასაღები ხომ შენ გაქვს მაქქვინ?
- თქვენ მეტისმეტად ბევრს საუბრობთ მელვილ, მაგრამ გაპატიებთ
მე მესმის თქვენი. მართლაც უჩვეულო ქალია იგი.
რამდენიმე წუთში უკვე კარს უკან იკარგებოდა სამი ხმა თებერვლის ქარში.
ოთახში ახალი მოახლე გარდაცვლილი ჭაღარა ფრედის შვილიშვილი
მალაქია დააბიჯებდა უხერხულად, შეეჭმუხნა შუბლი დამწუხრებულს,
თითქოს ვერსად ხედავდა სინათლეს გვირაბის ბოლოს უაზაროდ დაჰყურებდა
დაცარიელებულ ფინჯნებში ჩარჩენილ ყვითელ სისველეს.
და გაისმა ხმა, ხმა ცათა შინა:
- წამომყევით, წამომყევით მეგობრებო ქვესკნელიდან ამოგიყვანთ და
სინათლით დაგიბრმავებთ ბნელს ჩვეულ თვალებს. მე ვარ Übermensch !

1 comment: