Sunday, August 14, 2011

რძის ქაფიანი ამბები და გაურკვევლობა



გამარჯობა. დრო არ ჩერდება და დღეს კიდევ გათენდა მორიგი დღე.
ადამიანებს სასიამოვნო ამბების კითხვა გიყვართ, ისეთებისა თბილი რძის
სუნი რომ ასდის და აქაფებული ცხელი წყლით სავსე აბაზანასავით მყუდროა.
ზამთარში შვების მომგვრელი იმედით სავსე რომ მიემართებით გაყინული
ქუჩებისაგან შემცივნული სხეულებით როგორც ურყევ და დაცულ
ციხესიმაგრეში,იქ სადაც სიცივე ვერ შეაღწევს ვერასდროს, გარეთ
ყველაფერიც რომ გაიყინოს.იქ ვერც სხვა ადამიანები შემოაღწევენ და თქვენ
სრულიად მარტო დარჩებით საკუთარი სიშიშვლის წინაშე. თუმცა რაღა
მაინცდამაინც ზამთარი. ასევე წარმატებით შემიძლია ზაფხულის გამთანგველი
სიცხით შეწუხებულებსა და შეხუთულებს – ცივ, სუფთა წყალში გაგრილება
შემოგთავაზოთ.
ამბებისა სადაც ლამაზი ფერები ირევიან ირგვლივ, რომლებიც სავსეა
ტკბილი და სასიამოვნო სუნებით, თავისკენ რომ გიზიდავენ და თავს
საკუთარ ნაწილად გაგრძნობინებენ ისევე როგორც ლამაზ სიზმარში.
თვალებს არ ახელთ, მაგრამ სიზმარი უკვე დამთავრდა...
სულ მალე მეხსიერებიდან მისი მსუბუქი კვალიც გაქრება როგორც ბამბის
ნაყინის სიტკბო. დარჩება მხოლოდ რეალობა. რეალობა რომელიც ხელებზე
გეწებებათ.
ბევრი ასეთი ამბავი შემიძლია მოგიყვეთ. აი მაგალითად ეს :
მე ტახტზე რომ ვგორაობ მრგვალ და გრძელ, ჭრელ მუთაქებთან ერთად.
პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან ლამის ჭერზე რომაა ასული მზის ათინათი
მევლება შიშველ ფეხებზე.გარეთ დედა და დეიდა ლაპარაკობენ. კედელზე
ობობა შევნიშნე. ბებია პურს აცხობს.ყველაზე გემრიელი ლავაში. პურის
სუნით ივსება ყველაფერი, რომელსაც რამდენიმე წუთში გრძელ ფიცარზე
დალაგებულს შემოიტანენ და მაგიდაზე დადებენ ტილოგადაფარებულს.
ჩემი დეიდაშვილების ყვირილი მესმის. შემოვარდებიან უცებ და მაგიდის
გარშემო დარბიან.თუმცა არა. ეს ხომ წარსულია. ვწევარ მუთაქაჩახუტებული,
გაღიმებული სახით. პურის სუნმა უკვე გადაფარა შინდების სუნი. ვწევარ და
ვფიქრობ მასზე. წარმოვიდგენ მის ღიმილს და არ შემიძლია მეც არ ვიღიმოდე.
გული უცნაური ორგანოა ღმერთმანი.
ტვინი კიდევ მთლად გადასარევი. უამრავი რამ შემიძლია წარმოვიდგინო.
ისიც კი რაც არ მომხდარა და არც არასოდეს არ მოხდება. შემიძლია
ყველაფერი უჩვეულოდ და ლამაზად დავხატო.
ენა. ენა არც ისე საინტერესო და სასარგებლოა ამ შემთხვევაში.
ვერ აღწერს გონების თვალით წარმოსახულ სურათებს.
ღიმილი. მწვანე ბალახი. მზე. ნიავი. შრიალი. წამწამები. თვალები.ხელები.
სითბო. მოუსვენარი გულისცემა.
თავი დავანებოთ. მეორე მოქმედება შემოდის.
დილაა. სამივენი ტერასაზე ვართ. მზეა. მაისია. საუზმე.
ის პატარაა, თეთრი და სათუთი, ნაზი კანი აქვს. ვარდისფერი ლოყები და
სრიალა თმა. გაფენილ ხალიჩაზე ზის და კუბიკებით თამაშობს. სერიოზული
სახით.ხანდახან დაღვრემილი შეხედავს მას. არა, ის კი არ წყინს გაზეთს რომ
კითხულობს ჩაის სმის თანხლებით და მას არ ეთამაშება. არა, უბრალოდ
შურს. მას ხომ ჯერ კითხვა არ შეუძლია.
– გაყოფა! – ეს მე ვარ ჩემი ლამაზი სარაფნით. მუსიკას ვრთავ და გაზეთს
ვტაცებ ხელიდან. წამოხტება და მართმევს ისევ. მუსიკას გამორთავს. მშვიდად
ჯდება და აგრძელებს კითხვას. ვითომც არაფერი. არ ვიმჩნევ. უკნიდან მივეპარები.
ის მზადაა თავდასხმისათვის მაგრამ მაინც ვახერხებ გაზეთის წართმევას და
დაუყოვნებლივ ვაგდებ აივნიდან. გამარჯვებას სიცილით ავღნიშნავ.
მას გაწბილებული სახე აქვს და ოდნავ გაბრაზებული.
ცოტათი გაწითლდა. ის გაკვირვებული შემოგვცქერის გაშეშებული და უცებ იწყებს
ტირილს.ორივე ვხარხარებთ.
სხვებზეც შემიძლია მოვყვე გემრიელი, თბილი ამბები.
აი მაგალითად ნამდვილად გული აგიჩუყდებათ რომ შეხედოთ და გაიზიაროთ
როგორ ათხოვებს ოდნავ ღიპიანი და ვარდისფერ ლოყება, ეკლეს ქუჩის
კუთხეში მიყუჟულ ცისფეკარიან და ვანილის სუნიან საფუნთუშეში რომ
ფუმფულა ტკბილი ქადები ცხვება მათი მოყვარული, მაგრამ უაღრესად
პატიოსანი და მთელი ცხოვრება შრომით გზაგაკვალული, ცხვირზე
მრგვალშუშებიან სათვალე წამოსკუპებული ბატონი ანტუანი თავის ერთადერთ
ქალიშვილს რებეკას. როგორ გადმოსდის მრგვალი შუშების მიღმა წვრილი
თვალებიდან ვერ შეკავებული ცრემლები, ხანგამოშვებით რომ შეიმშრალებს
ვარდისფერი აბრეშუმის ცხვირსახოცით, რომელიც ამ განსაკუთრებული
შემთხვევისათვის შეიძინა პარიზის ძვირადღირებულ მაღაზიაში ნაცრისფერ
შარვალ კოსტუმთან ერთად.


უყურებს შვილის ოქროსფერ თმას გაშტერებული, სადღაც თითქოს შორეთიდან
მისი ხმაც ესმის, გულში კი უკვე იმაზე ფიქრობს როგორ იცხოვრებს სრულიად
მარტო, მისი გვრიტის, მისი ლამაზი მტრედის გარეშე. ისაუზმებს დილაობით
მარტო. მერე სამსახურში წავა რათა პატიოსნად მოიხადოს ღირსეული ვალი
ბუღალტერისა. მიიღებს მოლოცვებს მის მიმართ მუდამ ზრდილობიანი
თანამშრომლებისა და მეზობლებისაგან, თანამგრძნობი თვალებით რომ
შესცქერიან და თვითონაც ღიმილით უპასუხებს მადლობას. ღამე ისევ მარტო
ივახშმებს და დაიძინებს. უკვე წარმოუდგენია თავისი თავი ქალიშვილის ოთახში
მარტო მჯდარი, მის თოჯინებს რომ ეფერება.

ასეა. ადამიანებს სევდიანი ამბებიც მოგწონთ.

გაურკვევლობა

აღმოვაჩინე რომ გაურკვევლობა ისეთი რამ ყოფილა რაც ბევრ რამეს შეიძლება
დავარქვა. და იგი ხანდახან არც ისეთი ცუდია, უფროსწორად ის ცუდიცაა და
კარგიც. მთლიანობაში კი გაურკვეველია ცუდი უფროა თუ კარგი.
გაურკვეველობის ბურუსშია გახვეული თითქმის ყველაფერი. გაურკვევლობა
ჩვენი გონების კრიალა ცაზე ჩამოკიდებულ ღრუბლებს ჰგავს ქარი ხან იქით
რომ გაფანტავს ხან აქეთ. სინამდვილეში კი ვერ გადაგიწყვეტია იწვიმებს თუ
არა. გცივა თუ არა. ან თუ იწვიმებს სად იწვიმებს.
გაურკვეველია სიყვარული. და მე ეს ვიცი. მართლაც გაურკვეველია იგი
ნამდვილია თუ დიდი ხნის წინ მომწიფებული სასურველი ფანტაზიის ნაყოფი,
რომელიც აღტაცებით მოვწყვიტე ხიდან. და ეს არ შეიძლებოდა. არ
შეიძლებოდა ისევე როგორც ედემის ხის ვაშლის ჭამა (ხანდახან რა კარგ და
სახალისო სიმბოლოებს წააწყდები ბიბლიაში).
გემრიელი იყო, მაგრამ გათავდა. გათავდა და მაგარი, მწარე კურკაღა შემრჩა
საღრღნელად. ახლა ცოტა გაურკვეველი გავხდი. მე არა ჩემი ფიქრები.
აზრებს ვეღარ ვალაგებ. გაურკვეველია რა ხდება, რა მოხდება. რატომ არ ხდება
ოცნებები, თუმცა ბანალურია ოცნების ახდენა. არახდენაც ბანალურია მაგრამ
ისეთ ამბებში არა.
როგორ ადვილად ქრება ყველაფერი. მოგონებები არაფრადაც არ ღირს, ისინი
ძალიან მალე ფერმკრთალდებიან და უსუნო ყვავილებად იქცევიან. რამდენიც
არ უნდა უსუნო ვერაფერს მიიღებ მისგან. ერთი და იგივე ძველი მესიჯების
კითხვაც უაზრო ხდება. ისინი უკვე გაცვდნენ. და რა. რატომ არ შეგიძლიათ
მიიღოთ და მოიწონოთ ისეთი ამბავი. სადაც არაფერი არ მთავრდება ბედნიერად
ან ტრაგედიით. ასე უბრალოდ
მთავრდება. წყდება. ქრება. და მორჩა.











1 comment: