Monday, September 19, 2011

არამომხიბვლელი, არასასიამოვნო, არა წარმტაცი.





Add caption
''ყოველ დაწერილთა შორის მიყვარს იგი, რაც ადამიანს თავისი
სისხლით დაუწერია. სისხლითა სწერდე და შეიტყობდე, რომ
სისხლი სულია''.

ვიცი. გაყინული არსება ხარ. ძილი მოგრევია. ვიცი. იქით ხეტიალი
მოგწონს. დაბრუნება არ გსურს. ან სულერთია. ხიდები და ხეები.
ხეები და ხიდები. თავი ჩაგირგავს ბალიშში. სხეული გაგირინდავს.
მოჭმუჭნულ გაცრეცილ ქაღალდზე საწოლის ქვემოთ რომ დაგიდევს
სათუთად, ვინაიდან მაგიდამდე მიტანას რა აზრი ჰქონდა.
წერია შენი წარსული ფიქრიდან ამოწყვეტილი ნაგლეჯი. სიტყვები.
რას ნიშნავს ისინი განა. აზრები ხომ წამდაუწუმ იცვლებიან,
მაშინ კი როცა ფიქრობ განსაკუთრებით.

მე

მე ვკვდები. მე სიცოცხლე მკლავს. შეშლილი ნამცეცები სიყვარულისა.
მე ეგოისტი არ ვარ. არც არასოდეს ვყოფილვარ. მე არც ნარცისი ვარ.
მე მქონდა არჩევანი. ან უნდა ვყოფილიყავი ყველაფერი ან არაფერი.
არაფერს თუ ავირჩევდი მე ვიქნებოდი ვინმე ბედნიერი. მაგრამ არაფერი.
ყველაფერი ავირჩიე. ყველაფერი მე გავხდი. და პირიქით. ამის ფასი კი
ტანჯვა იყო. სამუდამო ტანჯვაო. ჰეჰეჰ. მუდმივი ხომ არაფერია.
მე ვარ ყველაფერი. მე ვარ სამყარო.
ნარცისს საკუთარი თავი უყვარს, მეც მიყვარს სამყარო. მაგრამ ნარცისს
არ შეიძლება გააჩნდეს მსგავსი გრძნობები საკუთარი თავის მიმართ,
როგორიცაა სიბრალული, თანაგრძნობა, სიძულვილი, ბოროტება, ცინიზმი.
ამიტომ არ ვარ ნარცისი.
არც ეგოისტი ვარ. ეგოისტი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.
მე ძალიან ხშირად არ ვზრუნავ სამყაროზე. და უფრო მეტიც მე მას
ხშირად ვქურდავ, ვართმევ, დავცინი, ვტოვებ.

სცენა

ჩემს ცხოვრებად შემეძლო ამერჩია სცენა. მაგრამ მე ჩემი ცხოვრება ავირჩიე
სცენად. მთელი ცხოვრება მართლაც თამაშში გავატარე. ნიჭიერ მსახიობად
ვთვლი ჩემს თავს. მაყურებელიც ბევრი მყავს. ისინი მეტად მგრძნობიარენი
არიან ჩემი თამაშის მიმართ. ალბათ იფიქრებთ რაღა ტანჯვაა როცა რაც გსურს
იმას აკეთებ, თანაც კარგადაც გამოგდის, ბედნიერი ყოფილხარო.
არა. თქვენ ცდებით. ჩემი ტანჯვის საიდუმლოც ამაშია. მე ბედნიერი იქნებოდა
რომ ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მე, მაგრამ მე ხომ ყველაფერიც ვარ.
როგორ შეიძლება ვიყო ბედნიერი როცა ჩემი გმირი სასოწარკვეთილია, როცა
იგი შეშლილია, როცა ტირის, როცა იბნევა, უბედურია, და ასე შემდეგ.
მაგრამ ეს არ არის მთავარი. მე მათი მეშინია. მე ისინი მტანჯავენ.
მე ხომ ყოველთვის ვიპარავ ბოლო მოქმედებას. არასოდეს ვასრულებ.
ამაოდ ითხოვენ. ამაოდ ელიან აპლოდისმენტებსა და ფარდის ჩამოშვებას.
ბოლო მოქმედებებს ჩემი უბადრუკი მესათვის ვინახავ. როცა შევასრულებ მას
ჩემი მეც მოკვდება. დარჩება მხოლოდ ყველაფერი.
დაეშვება ფარდა. იქნება ბევრი ტაში. დიდი აღფრთოვანება.
აღარ ვიქნები მე. იქნება ყველაფერი.

თქვენ მაღლით იმზირებით, ოდეს ამაღლებას ეძიებთ. მე ძირს ვიხედები
რადგან ამაღლებული ვარ.

ისევ გძინავს. და გაყინული ხარ. განა კი შეიძლება გეძინოს?

2 comments: