Sunday, March 13, 2011

იგი








იგი უხილავი გარსითაა შემოსილი...
ღრმად შეისუნთქავს ჰაერს და თმაზე მზის სხივთა ციაგი გადასდის, ზემოდან რომ ეშვება თეთრი ღრუბლების გვერდაქცევით, გაივლის მაღალ ხეთა მწვანე აჩრდილებს და მას
გადასდის თმაზე მზე, დაბადებიდან ... მზის დაბადებიდან...
ხავერდოვან ხმაურში გაყუჩებული სიმშვიდით რაღაცით სავსე და ხან დაცლილი
არ ითვლის წამებს უკვე დიდი ხანია, მას შემდეგ რაც გავიდა საუკუნე მისი დაბადებიდან
მიწიდან ამომავალი ორთქლი რომ ეხვეოდა და მის ახალშობილ კანს სინაზის
სამარადისო ნიშანს აძლევდა, ვეშაპები დაცურავდნენ სადღაც ზღვაში და ნაპირზე კი
შრიალებდა სირინოზთა თმები მაშინ ჯერ კიდევ ლიცლიცა და ფერადოვან ჰაერში,
ზღვის ამ მარადისი ქალწულების, თავიანთი სიმღერით რომ გამოხატავდნენ სიხარულს,
მოგვრილს მისი დაბადებით, ან ასრულებდნენ გარდაუვალ მოვალეობას.
კანი მისი იფერებოდა, ფერით რომელსაც სამყარო ოდითგანვე ქმნიდა მისთვის და
უსასრული უსასრულობის შემდეგ შეეძლო და მოეხერხებინა...
კანი, რომელიც საუკუნეების შემდეგ დაიბურძგლებოდა შეხებისაგან და გამჭვირვალე
ბუსუსთა შეგრძნება გაკვირვების უცნაურ ტალღებს წარმოშობდა ცნობისმოყვარეობის ზედაპირზე,ზედაპირზე რომელიც დაონდობლად მთელი ვნებით იზიდავდა
სამყაროს ყველა საიდუმლოებას, მოულოდნელად რომ წააწყდებოდა
და აღმოაჩენდა ხავსითა და მტვრით დაფარულს ან კრიალასა და
მბრწყინავს. სინამდვილეში თვითონვე იზიდავდა მათ, იგი ვინც
დაბადებიდან საუკუნის შემდეგ დროს აღარ ითვლიდა(იმ დრომდე არც დაითვლის),
იზიდავდა მათ როგორც ღამის სინათლე პეპლებს, რომ გაეთავისებინა,
მოეხიბლა, გაერთო თავი და შემდეგ უკვე შთაენთქა ცნობისმოყვარეობის
უძირო მორევში, იმ იმედსღა უტოვებდა რომ ოდესმე მოწყენილს
შეიძლებოდა ისევ გამოეხმო იმ უხილავი ფსკერიდან რათა თავიდან შეეცნო...

გაივლის ერთი წელი ამ შეხებიდან, როცა მან ვერ იპოვა გზა არ
დანებებულიყო (სინამდვილეში სწორედ დანებება სურდაკიდევაც)
არა, არ გეგონოთ რომ იგი დამარცხდა ან ვინმეს წინაშე აღიარა ეს დამარცხება,მან
თავის საკუთარ თავს ზავი დაუდო.... გაივლის ერთი წელი
და სხეული, რომელსაც მოეშორებინა ის უფორმო გარსი,
რომლის კვალიც კი სამარადისოდ გაექრო, რადგან სხვანაირად
უბრალოდ არც შეიძლებოდა მომხდარიყო, სხეული რეალური
ექსპერიმენტების ობიექტი გახდება. ექსპერიმენტების,
რომლებსაც თვითონვე ანუ ჩვენვე ვიგონებდით, და ამ ერთი
წლის თავზე ვინებივრებდით ამ სხეულებს შოკოლადის
აბაზანებით, პატარაბურთულებიან ჟოლოს უამრავ ნაყოფთა
უდარდელი და სასიამოვნო სრესით, ცხენეზე გულაღმა წოლით
მზის ქვეშე, უდაბნოს ცხელი ქვიშებით, ეკლიან ყვავილებზე
ფერებით და ყველაფრით რაც სასიამოვნო იყო, ან შეიძლებოდა
ყოფილიყო რათა გაგვებერა სიხარულის თავშეუკავებელი
ბუშტები და ჩვენთვითონვე დაუყოვნებლივ გაგვეხეთქა
ურცხვი და უტეხი შეტევით, რომლის მოწინააღმდეგეც იცოდა რომ უკვე განწირული იყო...

4 comments:

  1. როგორც ყოველთვის გენიალურია :*:*:*

    ReplyDelete
  2. უკომენტაროდ!
    უბრალოდ კარგია!

    ReplyDelete