Thursday, March 3, 2011

გაწელილი ღიმილის ფონზე

'ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა''. უდაბნო მე ვარ...... მღაღადებელიც... 

დამხრჩვალი ხეებისაგან სასახლეებს იშენებენ ბუები. დაატრიალებენ თავებს და დაჭყეტილი თვალებით აირეკლავენ ვარსკვლავების სიჩუმეს.

ნელნელა არარაობისაკენ მივდივარ, ვშორდები უბადრუკ ''მეს'' და არარაობა ''მეს'' ვუახლოვდები. ძველი ''მეს'' კანონების ფუყე ციხესიმაგრე ნაწილ-ნაწილ იშლება, მის ადგილზე აღარაფერი აშენდება, მხოლოდ ნაცრისფერი ქვის გროვები დარჩება შთამომავლობას თვალის ასახვევად.

დრო? დრო არ არის სამი, იგი ერთია და სამსახოვანი. (ირონიით დამტვრეული ღიმილი) დრო არასდროს გვკარგავს, ჩვენ ხშირად ვერ ვპოულობთ მას. დროს (არას) დროს არავისი არ ეშინია რადგან ყოველთვის იცის რომ ბოლოს მაინც თვითონ დარჩება გამარჯვებული.



ღმერთს არა აქვს სახე... ღმერთი შორს არის... გრძნობები? არანაირი გრძნობები... ტომარაჩამოცმული არსებობა... ცოდნა? არანაირი ცოდნა, მხოლოდ სრული უარყოფა, გაწელილი სიჩუმე ძვლების სირბილეს მოჰყვება როგორც ეშხიანი დელიკატესი.

სუფრაზე ნაირნაირ კერძებს არიგებენ : წითელს და გატრუსულს, ჩაჟამულს და ორთქლიანს, დამჭკნარ ქიშმიშიანსა დაგაწუწულს, უფერულსა და კოხტას, ოთხკუთხედსა და ოხშივარავარდნილს. თითქოს უნდა გამოიცნო ეხლა რა ხდება. თვალი და ცხვირი ტვინს გადასცემენ აღქმულ მშვენიერებას, ტვინი ამუშავდება გამჭვირვალე ძაფებით და უკავშირდება ენის რეცეპტორებს, ნერწყვი მოგდის, თვალები ხარბი სიხარულით გევსება მომავალი დაკმაყოფილების შეგრძნებით და ხელის სხარტი მოძრაობით მიადგები ჩანგალს რათა პირველი მსხვერპლი ამოირჩიო. თითქოს ადვილი იყო გამოსაცნობად, თუმცა თქვენ შეცდით. შიმშილი შეუთანხმებლადა და უტიფრად გაიპარა მუცლის უხილავი ღრუდან, როგორც ჩანს თქვენმა შიგნეულობამ იგი ვერ მოხიბლა. (მწვანედ გაზინზღლული ღიმილი) 
ოხ ეს ჩაჟამებული დღეები! გამხმარი დღეები! სვავი დღეები! ყორანი დღეები! გულწასული დღეები... დაორთქლილი სარკესავით დაბინდული ვარ. ვიღაცის ჰერბარიუმში ჩაკრული შემოდგომის გამხმარი ფოთოლივით მოწყენილი ვარ.

ბავშვი რომ ვიყავი მეგონა ტირილი სახიფათო იყო, რადგან შეიძლობოდა ჭიანჭველა მომკვდარიყო ცრემლით, რომელიც უსამართლოდ დააცხრებოდა მის ფაციფუცა ცხოვრებას. თურმე ვცდებოდი, ახალმა დაკვირვებებმა დაამტკიცა, რომ ჭიანჭველას შეუძლია პატარა ცრემლის ზღვა გადალახოს.

ბოლოს ყველაფერი წაიშლება და მხოოდ გრძნობები დარჩება, გრძნობები, რომელიც ჯერ არ არსებობს. არავითარი გონება! მხოლოდ გრძნობები შექმნიან იდეალურ იმპერიას.


ყოველთვის ურცხვად ვიტყუები.



4 comments:

  1. უბრალოდ მასტერფის!
    ჭიანჭველას შეუძლია პატარა ცრემლის ზღვა გადალახოს.
    ძალიან მომეწონა
    :))))))))))))))))))))))

    ReplyDelete
  2. amagelvebelia... erti amosuntqbit ikitxeba... :)

    ReplyDelete