Saturday, November 20, 2010

ჯადოსნური ყალიონი, სამი სიზმარი და სამი საათი



ზაფხულის პირველ დღეს, პირველ ივლისს საფირონს ორმოცი წელი შეუსრულდა, უკვე ამდენი ხანია რაც იგი დედამიწას
ამძიმებს, ან პირიქით დედამიწა ამძიმებს მას.
 თბილისის გარეუბნის ერთი გახუნებული ვარდისფერი კორპუსის პირველ სართულზე ბინადრობს ჩვენი საფირონი,
მთელი ორი ნესტიანი ოთახი მას ეკუთვნის.
უკვე შუადღის თორმეტი საათია, მას კი ისევ გაგუდულს სძინავს, პატარა ხის საწოლზე ტრუსის ამარა გაშხლართულა,
სულ გაწითლებულია და ოფლი ასხავს, ვინ იცის რა სიზმარშია... იქნებ თავისი დაბადება ესიზმრება... საწყალი დედამისი
მისმა შობამ რომ შეიწირა... თუმცა გუშინდელი ვნებიანი ღამის შემდეგ, რომელიც ორმოცი წლის მეძავთან გაატარა
თავისი დაბადების ღამის აღსანიშნავად, საფირონი სულაც არ აპირებდა რაიმე კოშმარი დასიზმრებოდა.
საწოლი ოთახის ჭუჭყიანშუშებიანი ფანჯარა ღიაა, მაგრამ გარეთ ნიავიც არ იძვრის, რაფაზე ჩუტები მოგროვდნენ და
გულისწამღებად დაიწყეს ჭიკჭიკ-ჟივჟივი, მათგან ერთმა ყველაზე გაბედულმა კი საფირონის რეზიდენციაში გაბედა
შემოჭრა, ეს არ იკმარა და ზედ ოფლიან შუბლზე დააჯდა მძინარეს(თუმცა არა მზეთუნახავს). ის-ის იყო ცუდი საქმის
გაკეთებას აპირებდა პატარა არამზადა, რომ საფირონმა თვალები ჭყიტა, ყვირილით წამოხტა და გული გაუხეთქა უსუსურ
ფრინველს.
---- არ მომეკაროთ! არ მომეკაროთ!
ყვიროდა ახალგაღვიძებული მამრობითი სქესის არსება და ოფლის წუწებს ესროდა საწყალ ჩიტუნას...
სულ ერთი წუთი დასჭირდა საფირონს იმის გასაცნობიერებლად, რომ რეალობაში იმყოფებოდა და ყველაფერი რიგზე
იყო ირვლივ. ვნებათაღელვის დაცხრომის შემდეგ ფიქრებით გუშინდელ ბოჰემურ ღამეს გადაავლო თვალი და
კმაყოფილმა გაიღიმა, შემდეგ სიზმრის გახსენება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და დიდად არც შეწუხებულა ამის გამო.
იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი ჩაიცვა და საპირფარეშოსაკენ გაეშურა თავის ქექვით. საქმიანობა რომ დაასრულა
გამურულ სამზარეულოში შევიდა მცირედი საკვების მისაღებად და რა თქმა უნდა ყავის დასალევად. ყავა და სიგარეტი
მისი საუზმის განუყრელ ნაწილს შეადგენდა.
ოდესღაც ეს სამზარეულო არ იყო გამურული, არც ეს ჭიქები იყო ყურმომტვრეული, მაშინ აქ დიასახლისი, საფირონის
მეუღლე ვარდია დაფუსფუსებდა და ხანდახან, საფირონისთვის რომ გეკითხათ საკმაოდ ხშირადაც აქედან გამომავალი
გემრიელი სუნი, რომელიც მაშინ სუფთა ფანჯრებიდან გარეთ აღწევდა, მეზობლებს მადას უღიზიანებდა; ზოგი შურითა
და სინანულით ეუბნებოდა თავის ცოლს: --- ა ქალი, ბედნიერი კაცია საფირონი, მარტო სუნი რად ღირს და გემო რაღა
იქნებაო.( ახლა კი მეზობლების ბოროტ მზერას ახარებდა საფირონის ღილაწყვეტილი, დალაქავებული პერანგი და
გაცვეთილი შარვალი. თუმცა არაუშავს, საფირონს უფრო დიდი გაჭირვებაც გამოუვლია... იყო ზამთრები, როცა
გასათბობად ცხელ წყალში ყოფდა გაყინულ ფეხებს, თან თავის ერთგულ რადიოში ძილისპირულს უსმენდა... მაშინ ჯერ
არ ყავდა ცოლი, რომ გაეთბო სიცივისაგან გაშეშებული სხეული.).
წითელლოყება ვარდია არა მარტო კარგი მზარეული, არამედ საკმაოდ კაცთმოყვარე და ცეცხლოვანიც ყოფილა,
თორმეტი წლის წინ კი, როცა თავის ოცნების მამაკაცსა და ცხოვრების სიყვარულს ივერის შეხვდა, გადაწყვიტა მარტო
დაეტოვებინა თავისი კანონიერი მეორე ნახევარი და ივერისთან ერთად გაიქცა რომელიღაც გადაკარგულ სოფელში.
მას შემდეგ საფირონს იგი აღარ უნახავს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად მისი ცხოვრება დიდად არ ამოვარდნილა
კალაპოტიდან... (ახლა როცა მისი მურიანი სამზარეულო დღითი-დღე დამწვარი ზეთის სუნით იჟღინთებოდა, ვარდია
თავის ოცნების მამრ ივერისთან იკმაყოფილებდა ავხორცსა და გარყვნილ სურვილებს). ფირონი ისევ ისე აყენებდა
ღამე მაღვიძარას, რომელიც ისე ისე აღვიძებდა დილით 8 საათზე. გამონაკლისი იყო კვირა დღე, კვირაობით იგი სახლში
ნებივრობდა.
დროა ჩვენი გმირის პროფესიასა და სამსახურსაც გავეცნოთ
საფირონი გეოლოგი გახლდათ და ნიადაგის კვლევის ცენტრში მუშაობდა(კვირაში ექვსი დღე, დილის 9 დან საგამოს 6
საათამდე გეოლოგიურ კვლევებ აწარმოებდა(თუმცა მხოლოდ კაბინეტში და მხოლოდ ქაღალდებზე)).
დღეს კვირა არ არის, მაგრამ ფირონმა თავის უფროსს ლავრენტი სევერიანს სთხოვა 3 საათზე მოვალო, რის
სანაცვლოდაც სოფლიდან ჩამოტანილ ჭაჭას დაჰპირდა.
საუზმე რომ მოამთავრა საფირონმა გასეირნება და თავისთავისთვის საჩუქრის ყიდვა გადაწყვიტა. ორი დღეა რაც
კარი ჩაეკეტა და ამის გამო ფანჯრიდან გადადიოდა გარეთ. ახლაც ფრთხილად გადახტა და მტვრიან გზას დაადგა.
40 წლის საშუალო სიმაღლის, გამხდარი, ოდნავ სიმპატიური კაცი მშვიდად მიუყვებოდა ქუჩას, ჩაცმულობით
ნამდვილად არ გამოირჩეოდა, ნაცრისფერი, გახუნებული შარვალი ეცვა, რომელსაც სამ დღეში ერთხელ აუთოებდა
და მოკლემკლავიანი თეთრი პერანგი. ყავისფერი თმა, რომელსაც საფეთქლებთან ჭაღარა შეპარვოდა კოხტად
დაევარცხნა. საფირონის ერთადერთი განსაკუთრებული  თავისებურება მისი სხვადასხვაფერის თვალები იყო, ერთი
მწვანე და მეორე ცისფერი. ამ გარეგნული ნიშნის გამო ხშირად ხდებოდა საზოგადოების დაკვირვების ობიექტი.
ახლა თვალები დაბლა დაეხარა, ქვაფენილს დასცქეროდა და უდარდელად მისეირნობდა  ეგოსიტურ ფიქრებში
გახვეული.( საფირონს არ აინტერესბდა ცნებები : ''წინა ცხოვრება'', ''უსასრულობა(დროსა და სივრცეში თუ დროისა
და სივრცის)+მარადისობა'', არც ათთეთრიანებს ურიგებდა მათხოვრებს იმის იმედით, რომ მისი სული ზეციურ
სასუფეველში განაგრძობდა მოღვაწეობას და არც ეკლესიაში დადიოდა(გარდა დღესასწაულებისა)).
როცა საფირონმა წითელი და ძველი ყალიონი იყიდა მელოტი და რატომღაც თბილადჩაცმული გამყიდველისაგან
მისი მაჯის საათის დაჟანგული ისრები სამის ნახევარს უჩვენებდა, ასე რომ მის ხელთ იყო თავისუფლების მთელი
ნახევარი საათი, ამიტომ გადაწყვიტა პარკში ჩამომჯდარიყო და თავისი ყალიონი გამოეცადა; ძალიან მოსწონდა თავისი
ახალი შენაძენი, რომელიც მისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა.
საფირონმა პირველი, გრძელი და სასიამოვნო ნაფაზი რომ დაარტყა და მისი ფილტვები იაფფასიანი სიგარის ბოლით
აივსო, ცნობიერება მოდუნდა, ფორმა დაკარგა, გალღვა... და ისე ჩაეშვა წარმოდგენათა ტალღებში - როგორც ცხელ
აბაზანაში(ამ დროს ყალიონის მელოტი გამყიდველი სახეგაბრწყინებული მირბოდა ხტუნვით, გზა და გზა შეჩერდებოდა
და შეშლილივით ხარხარებდა). საფირონს თითქოს ეძინა, ირგვლივ არაფერი მოძრაობდა, ყალიონიდან ამომავალმა
ნაცრისფერმა ბოლმა ყველაფერი რუხ ბურუსში ჩაძირა, მხოლოდ გამყიდველის ბოროტი ხარხარი ისმოდა შორიდან.
სიზმარი პირველი.............
ვრცელ მინდორზე, რომელსაც ბოლო არ უჩანდა თეთრი და წითელი პეპლები დაფრინავდნენ, მზე არსად იყო,
თითქოს ჩაებნელებინათ. მინდორში უამრავი ხე იდგა, ზოგი ვარდისფერ, თეთრ და სხადასხვაფერის ფოთლებიანი იყო,
ზედ ფერადი ჩიტები ისხდნენ და გალობდნენ, ზოგს პატარა გოგრები ეკიდა ნაყოფად, რომლებზეც თეთრი ბუები
ჩამწკრივებულიყვნენ, ზოგს კი ფოთლების მაგივრად გრძელი თეთრი ძაფები ამოსვლოდა, სუსტად ანათებდნენ და
როცა ირხეოდნენ მუსიკალურ ბგერებს გამოსცემდნენ; ზოგი ხე კი გამხმარი და შავი იყო, უამრავი ტოტები ჰქონდათ
და მათ გარშემო შავი ფრინველები დაფრინავდნენ.
მინდვრის შუაში სამი შადრევანი იდგა პატარა აუზებით, ერთში ცისფერი წყალი ამოდიოდა, მეორეში ვარდისფერი,
მესამეში კი ჩვეულებრივი, უფერო. უცებ საიდანღაც სიმღერა მოისმა და ისიც გამოჩნდა... თეთრ კაბაში, გრძელი შავი
თმით, სულ თეთრი იყო და ბრწყინავდა. ისე დარბოდა მინდორში თითქოს დაფრინავდა, პეპლებს დასდევდა და
მღეროდა, იცინოდა და პეპლებს დასდევდა.
მოულოდნელად საიდანღაც ცხენის ხმამაღალი ჭიხვინი მოისმა და მისი დიდი შავი თავიც გამოჩნდა. ქალმა სიმღერა შეწყვიტა და შადრევნებისკენ გაფრინდა შეშინებული. ცხენი ჭიხვინით მოჰქროდა, მწვანე ბალახს თელავდა და მიწას
თხრიდა, მის ჭიხვინს შავი ჩიტები ოვაციებით აჰყვნენ... უფრო და უფრო ახლოვდებოდა ფლოქვების ხმა... ქალა იცოდა
რომ შადრევნებში შეძლებდა დამალვას, მაგრამ არ იცოდა რომელი ამოერჩია, ბოლოს გამჭვირვალე წყალში ჩახტა...
ყველაფერი გაქრა და დაბნელდა... თვალები გაახილა, საავადმყოფოს პალატაში იწვა და თავზე ექიმები
დასტრიალებდნენ. ვერაფერს გრძნობდა...
სიზმარი მეორე.......
საფირონი მაღალი და განიერი, შავი ხის ფუღუროში დგას, ამოსვლა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, ძვრება ზევით და
ისევ ვარდება. საფირონი პატარაა, ხე კი მაღალი. სასოწარკვეთილი ტირილს იწყებს.უცებ პატარა ნახვრეტს შენიშნავს
ხის კედელზე, ახლოს მიდის და შიგნით იხედება....
პატარა ოთხკუთხედ და ნაცრისფერ ოთახში სიცარიელეა, იატაკი შავი მარმარილოსია. ოთახის შუაში წითელთმიანი
ქალი და შავთმიანი კაცი წვანან შიშვლები, მათ პირდაპირ მაღალი შავი ხე დგას, ხის შუაში პატარა ჭუჭრუტანიდან
გაფართოებული თვალი ჩანს, ხან მწვანეა და ხან ცისფერი. წითელთმიანი ქალი თვალს შეამჩნევს, თითს გაიშვერს
მისკენ და ხარხარს იწყებს. საფირონი ჭუჭრუტანას შორდება, თვალებს ხუჭავს, ყურებზე ხელებს იფარებს და ყვირის...
სიზმარი მესამე......
პატარა ბაღში ერთი დიდი ბლის ხე დგას, წითელი და მსხვილი ბლებით დახუნძლული. პატარა გოგონა ამძვრალა ხეზე,
გრძელი ოქროსფერი თმა აწეწვია, ერთ ხელში თოჯინა უჭირავს და მეორეთი ბალს კრეფს, თან თოჯინას ელაპარაკება.
პატარა ჩიტი მოფრინდა და ბლის ჭამა დაიწყო, გოგონამ ახლა მას დაუწყო ლაპარაკი :
--- როგორა ხარ ჩიტუნა? მოდი მე გაჭმევ, მე მატილდა მქვია...
მატილდამ უცებ დაიჭირა ჩიტი ხელით და მოფერება დაუწყო, მერე ბევრიბევრი ბალი აჭამა, მაგრამ ჩიტი აღარ
ინძრეოდა.
----გაფრინდი ჩიტო!
მატილდამ ხელი გაუშვა ჩიტს, მაგრამ ის არ გაფრენილა, ჩამოვარდა და მიწას დაენარცხა. მატილდას თოჯინა გაუვარდა
და ტირილი დაიწყო... ცისფერი და მწვანე ცრემლები სცვიოდა მატილდას და უსულო ჩიტუნას ასველებდა...
შუადღის სამ საათზე პატარა კაცი ლავრენტი სევერიანი ნერვიულად სცემდა ბოლთას თავის კაბინეტში :
--- სად არის?! არ არის! იგვიანებს! (არადა საფირონს არასდროს დაუგვიანია სამსახურში) სად არის ჩემი ჭაჭა?!
მომატყუა! გამაცურა! გავათავისუფლებ! ხო გავათავისუფლებ!!!
ახალგაზრდა გაიძვერა ვალოდიამ, რომელიც პაემანზე მიიჩქაროდა რომელიღაც უღიმღამო ქალიშვილთან,
შემთხვევით(ან არაშემთხვევით) შენიშნა ხის გაფხეკილ სკამზე გვამი, მან იცნო თავისი მეზობელი საცოდავი,
მარტოხელა საფირონი, ახლოს მივიდა, ნაცრისფერი ხელიდან ხარბად, მაგრამ ძლივძლივობით გამოაცალა წითელი
ყალიონი და ჟიბეში ჩაიდო, ირგვლივ მიმოიხედა და შორიახლოს მდგომი პოლიციელისკენ გაეშურა.
ზუსტად სამ საათზე საფირონის საათმაც შეწყვიტა დროის თვლა და ყრუ უსასრულობას დანებდა. საფირონის სახლს
ჩიტები შემოესივნენ...

No comments:

Post a Comment